
"ჩვენს საჰაერო ადმინისტრაციას არ მიუღია რაიმე სახის შეტყობინება, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აღდგენილია"
17/10/2019 07:43:15 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, "საქართველოს საჰაერო ადმინისტრაციას არ მიუღია რაიმე სახის შეტყობინება, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აღდგენილია".
"ფრენების აღდგენისთვის არსებობს მთელი რიგი ფორმალური პროცედურები და ჩვენ საჰაერო ადმინისტრაციას არ მიუღია რამე სახის შეტყობინება, რომ ფრენები აღდგენილია", – განაცხადა მინისტრმა და იქვე დასძინა: "ჩვენ მივესალმებით, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული“.
ავიაკომპანია „სიბირს“ მოსკოვიდან ქუთაისში ფრენის ნებართვა მისცეს,– ამ ინფორმაციას შეიცავს დოკუმენტი, რომელიც „როსავიაციის“ ვებ–გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა.თუმცა მოგვიანებით, „როსავიაციაში“ განაცხადეს,რომ ავიაკომპანია „სიბირს“ მოსკოვიდან ქუთაისში ფრენის ნებართვა მისცეს, რათა როგორც კი ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა აღდგება, კომპანიამ ფრენების განხორციელეა მაშინვე შეძლოს.
„წვდომა - ეს კომპანიის უფლებაა. როგორც კი საქართველოში ფრენების განხორციელებაზე შეზღუდვები მოიხსნება, ავიაკომპანია „სიბირი“ ამ უფლებით სარგებლობას შეძლებს“, - განაცხადეს „როსავიაციაში“.
ცნობისთვის: რუსეთმა საქართველოსთან ფრენები 8 ივლისს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით შეწყვიტა მას შემდეგ, რაც თბილისში რუს დეპუტატ გავრილოვის ინციდენტთან დაკავშირებული მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.