ბულგარეთის მთავრობა: "ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა არასოდეს ყოფილა ბულგარეთის ტერიტორიაზე"
11/10/2022 18:15:56 მსოფლიო
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გალაბ დონევის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება სრულიად გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა სატვირთო მანქანა, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა.
„რა თქმა უნდა, დადგინდა, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა არასოდეს ყოფილა ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომელიც მითითებული იყო მისი მარშრუტის საწყის პუნქტად“, - აცხადებენ ბულგარეთის მთავრობის პრეს–სამსახურში.
სატვირთო მანქანის ბულგარეთში ყოფნის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა განაცხადა. მისი თქმით, ბულგარეთის გარდა სატვირთო მანქანა იმყოფებოდა საქართველოსა და სომხეთში. ბასტრიკინის თქმით, სატვირთო მანქანა ბულგარეთიდან მიემგზავრებოდა საქართველოს, სომხეთის, ჩრდილოეთ ოსეთისა და შემდეგ კრასნოდარის მხარის გავლით. მიმომხილველთა აზრით, გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა მოხვედრილიყო მანქანა სომხეთში, რომელიც არ ესაზღვრება რუსეთს. მანამდე მედია იტყობინებოდა, რომ სატვირთო მანქანის მფლობელი არის კრასნოდარელი ბიზნესმენი, საჭესთან კი მისი ნათესავი იმყოფებდა.
ცნობისთვის, 8 ოქტომბერს დილით აფეთქების შედეგად დაზიანდა ხიდი ქერჩის სრუტეზე, რომელიც აკავშირებს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთის კრასნოდარის ტერიტორიას. ხიდის ოთხი სავალი ნაწილიდან ორი ჩამოინგრა. მოგვიანებით, ხიდის დაუზიანებელ ნაწილზე განახლდა მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა. ასევე განახლდა მატარებლების მიმოსვლა.


