ზელენსკიმ "დიდი შვიდეულის" ლიდერებს უკრაინისთვის საჰაერო ფარის შექმნის თხოვნით მიმართა
11/10/2022 15:19:52 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "დიდი შვიდეულის" ლიდერებს უკრაინისთვის საჰაერო ფარის შექმნის თხოვნით მიმართა.
“საჰაერო ფარი უკრაინისთვის. ეს უსაფრთხოების გარანტიების ნაწილია. როდესაც უკრაინა თანამედროვე და ეფექტური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების საკმარის რაოდენობას მიიღებს, რუსეთის ტერორის საკვანძო ელემენტი - სარაკეტო დარტყმები - აღარ იმუშავებს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკვე დაეხმარა უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებაში.
“მადლობას ვუხდი გერმანიას და პირადად კანცლერ შოლცს IRIS-ის მიწოდების დაჩქარებისთვის. მადლობას ვუხდი შეერთებულ შტატებს და პირადად პრეზიდენტ ბაიდენს თანამედროვე ანტისარაკეტო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდების გადაწყვეტილებისთვის. ბატონო საფრანგეთის პრეზიდენტო! ბატონო იტალიის პრემიერ-მინისტრო! ჩვენ ძალიან ველით SAMP-T სისტემების მოწოდებას. და თუ შესაძლებელია, ისინი უკვე უახლოეს თვეებში გვჭირდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებაზე:
"აუცილებელია, სანქციებით დაიბლოკოს რუსეთის ენერგეტიკული სექტორი, დავანგრიოთ რუსეთის შემოსავლების სტაბილურობა ნავთობითა და გაზით ვაჭრობიდან".


