ზელენსკი – საჰაერო თავდაცვის სისტემებზე: "პროდუქტიული საუბარი მქონდა ჯო ბაიდენთან"
10/10/2022 20:06:07 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მას "პროდუქტიული საუბარი" ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რომელსაც უკრაინა ელის დასავლეთის ქვეყნებისგან.
"პროდუქტიული საუბარი ჯო ბაიდენთან. საჰაერო თავდაცვა ახლა #1 პრიორიტეტია ჩვენს თავდაცვით სფეროში თანამშრომლობაში. ჩვენ ასევე გვჭირდება აშშ-ის ხელმძღვანელობა G7-ის მკაცრი პოზიციისთვის და გაეროში ჩვენი რეზოლუციის მხარდაჭერაში”,–დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.
მანამდე გავრცელდა ჯო ბაიდენის განცხადება, რომელშიც მან აღნიშნა, რომ აშშ მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო იერიშებს უკრაინის ქალაქებზე, რაც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ვლადიმირ პუტინის სრული სისასტიკის ილუსტრირებაა.
„ამ თავდასხმებისას დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, გაანადგურეს არასამხედრო სამიზნეები. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს პუტინის მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ უკანონო ომის სისასტიკეს“, - თქვა ბაიდენმა და დასძინა, რომ „ეს თავდასხმები კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ვალდებულებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს რამდენი ხანიც სჭირო იქნება":
„ჩვენს მოკავშირეებთან ერთად გავაგრძელებთ რუსეთისთვის აგრესიის საფასურის გადახდევინებას, პუტინის და რუსეთის პასუხისმგებელობის დაყენებას სისასტიკესა და ომის დანაშაულებებზე და ვუზრუნველვყოფთ მხარდაჭერას, რომელიც უკრაინის ძალებს სჭირდებათ თავიანთი ქვეყნისა და თავისუფლების დასაცავად“.
10 ოქტომბერს, დილით რუსული არმიის მიერ უკრაინის მასიური დაბომბვა განხორციელდა. ცნობილია აფეთქებების შესახებ კიევში, ხარკოვში, ლვოვში და რეგიონში, ჟიტომირში, კიევის რეგიონში, დნეპროპეტროვსკის ოლქში.
ბოლო მონაცემებით, კიევზე რუსეთის თავდასხმების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 75 დაშავდა. უკრაინის პოლიციამ დააზუსტა, რომ რუსული რაკეტების უმეტესობა ქალაქ კიევის ცენტრს მოხვდა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ჯარებს ორი სამიზნე აქვთ - ენერგეტიკული ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ხალხი. როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანდა 11 „მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტი“ 8 რეგიონსა და კიევში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა რუსეთის მასიური დარტყმები უკრაინაზე, მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე. ამავე დროს, ის იმუქრება ახალი თავდასხმებით „რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების განხორციელების მცდელობის გაგრძელების შემთხვევაში“.
უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის მასიური დარტყმების ფონზე გერმანიამ გამოაცხადა, რომ უკრაინას ოთხი IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემიდან პირველს "უახლოეს დღეებში" გადასცემს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაგმო რუსეთის მასიური თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას "რამდენადაც საჭიროა".


