ევროკავშირი: "მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმა ომის დანაშაულია"
10/10/2022 11:44:28 მსოფლიო
ევროკავშირი აცხადებს, რომ "მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმა ომის დანაშაულია".
"ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ამ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ეს არის ის, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება ომის დანაშაულია“, - განაცხადა ევროკომისიის პრეს–სპიკერმა პიტერ სტანომ.
პიტერ სტანოს შეკითხვა დაუსვეს ბელარუსსა და რუსეთს შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებითაც, რომელიც ბელარუსის დასავლეთ საზღვარზე რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო ჯგუფის განთავსებას ითვალისწინებს, ევროკომისიის პრესსპიკერმა მინსკი გააფრთხილა, რომ მოსკოვისთვის უკრაინაში დახმარების აღმოჩენისგან თავი შეიკავოს.
„არ ვიცით დეტალები ერთობლივი განლაგების შესახებ, მაგრამ თუ ეს განხორციელდება, ეს იქნება უკანონო ომის მორიგი ესკალაცია“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის: დღეს დილიდან უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. აფეთქებების შესახებ იუწყებიან კიევიდან, ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი როგიდან ზაპოროჟიედან და სლავიანსკიდან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. აფეთქებებს კიევსა და სხვა ქალაქებში მსხვერპლი მოჰყვა.


