
„ანტიკორუფციული მოძრაობა“: "საქართველოში რუსეთიდან 81 ათასი ტონა სანქცირებული ნავთობპროდუქტი შემოვიდა"
10/10/2022 09:36:53 საზოგადოება
„ანტიკორუფციული მოძრაობის“ განცხადებით, "საქართველოში რუსეთიდან რკინიგზით, გარდაბნის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, სანქცირებული ნავთობპროდუქტი - 81 ათასი ტონა ბენზინი შემოვიდა".
ორგანიზაციის ცნობით, „ანტიკორუფციულ მოძრაობას“ ხელთ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ჩაუვარდა, საიდანაც ირკვევა, რომ პროდუქტის გამომგზავნი არის რუსული ნავთობგიგანტი, სანქცირებული სახელმწიფო კომპანია «Роснефть», ტვირთის ტრანსპორტირებას ახდენს შ.პ.ს. „SPG თრეიდინგი” და ტვირთის მიმღებია შ.პ.ს. „სან პეტროლიუმ ჯორჯია“.
„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები საჯარო განცხადებებით ხშირად საუბრობდნენ, რომ რუსული სანქცირებული პროდუქტისთვის საქართველო ვერანაირად ვერ გახდება შავი ხვრელი და გასაღების ბაზარი, ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს. სისტემატიური ხასიათი მიიღო საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სანქცირებული პროდუქციის ტრანსპორტირებამ და მისი რეალიზაციის ხელშეწყობამ, რაც არა ერთხელ იქნა გაჟღერებული საჯარო წყაროებით“, - განაცხადა „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ.
„ანტიკორუფციული მოძრაობის“ ცნობით, "ტვირთის მიმღები კომპანია შ.პ.ს. „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ უკრაინის მთავრობის მიერ დასასანქცირებელთა სიაში მყოფი “Petrocas Energy Group”-ის საკუთრებაშია, თავად პეტროკასი კი ფორმალურად ასევე უკრაინის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქ დავით იაკობაშვილს და ქართველ ბიზნესმენ ივანე ნაკაიძეს ეკუთვნის". არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, "არსებობს ეჭვი იმისა, რომ ბიზნესმენ ივანე ნაკაიძის წილი სინამდვილეში რუსულ სანქცირებულ ნავთობგიგანტს «Роснефть»-ს ეკუთნის".
„მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ „Petrocas Energy Group“ CEO-მ ივანე ნაკაიძემ კომპანიაში რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანიის Rosneft-ის 49%-იანი წილი გამოისყიდა, თუმცა არ საჯაროვდება ფინანსური გარიგების დეტალები, გასაიდუმლოებულია Rosneft-ისთვის გადახდილი თანხის ოდენობა, რაც, როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ გარიგება იყო ფიქტიური, მიზნად კი რუსული ნავთობპროდუქტების სანქციების გვერდის ავლით ვაჭრობის ხელშეწყობას ემსახურებოდა.
აღნიშნული შესაძლოა, შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულსაც, რასაც სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
მას შემდეგ, რაც მედიაში საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია საზღვაო ტრანსპორტით, ტანკერებით სანქცირებული ნავთობპროდუქტების შემოტანის თაობაზე, როგორც ჩანს, ოლიგარქიული კლანის მფარველობის ქვეშ მყოფმა დანაშაულებრივმა სინდიკატმა ალტერნატიული გზებით, ხმელეთით სარკინიგზო ტრანსპორტით დაიწყო იგივეს კეთება, იმედით, რომ ეს ინფორმაცია არ მოხვდებოდა მედიაში. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.
ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული სქემას სავარაუდოდ, მფარველობს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი და აღასრულებს მისი უშუალო ნდობით აღჭურვილი მაღალი თანამდებობის პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე.
წარმოუდგენელია, მაშინ როცა სახელმწიფოს გაცხადებულად აქვს პოლიტიკა, რომელიც იზიარებს დასავლეთის სანქციების რუსეთთან მიმართებაში და ფორმალურად უნდა უზრუნველყოფდეს მის ეფექტიანობას თავად ხმარება სანქცირებულ რუსულ სახელმწიფო კომპანიებს გვერდი აუარონ სანქციებს.
მოძრაობა ფორმალურად მიმართავს ფინანსთა სამინისტროს, მაგრამ არ აქვს მოლოდინი რომ ამას რაიმე სახის რეაგირება მოჰყვება, თუმცა ვაპირებთ მატერიალურ მტკიცებულება გავუზიაროთ მაიკლ მაქფოლის საერთაშორისო სასანქციო ჯგუფს და ევროკავშირის უფლებამოსილ ორგანოებს“, - აღნიშნულია „ანტიკორუფციული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.