ლუკაშენკო: "ბელარუსის დასავლეთ საზღვრებზე ბელარუსი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო ჯგუფებს განათავსებენ"
10/10/2022 09:55:39 მსოფლიო
ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყნის დასავლეთ საზღვრებზე ბელარუსი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო ჯგუფებს განათავსებენ, – იუწყება "ბელტა".
ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ სანქტ-პეტერბურგში დსთ-ის არაფორმალური სამიტის შემდეგ პირისპირ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მხარეები "საკავშირო სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრებზე ვითარების გამწვავების შემთხვევაში რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის რეგიონალური სამხედრო დაჯგუფების განლაგებაზე შეთანხმდნენ".
„ეს ყველაფერი ჩვენი დოკუმენტების მიხედვით ხორციელდება. თუ საფრთხის დონე მიაღწევს ისეთ დონეს, როგორიც ახლაა, ვიწყებთ ერთობლივი დაჯგუფების გამოყენებას. ორი დღის წინ გავეცი ბრძანება, რომ ამ ჯგუფების ჩამოყალიბება დაგვეწყო. [...] იცით, რომ მათ [რუსებს] საკმარისი პრობლემები აქვთ. [...] ეს არ იქნება მხოლოდ ათასი ადამიანი. მზად იყავით, რომ მიიღოთ ეს ხალხი უახლოეს მომავალში და განათავსოთ ისინი, სადაც საჭიროა, ჩვენი გეგმის მიხედვით და სიტუაციის გამწვავების გარეშე", - მიმართა ლუკაშენკომ ბელარუსის თავდაცვის მინისტრს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე პუტინმა პირობა დადო, რომ ბელარუსს გაუგზავნიდა "Iskander-M" ტიპის სარაკეტო სისტემებს, რომლებსაც, მისი თქმით, 500 მილის დიაპაზონი აქვთ, რაც უფრო მეტ ევროპულ ქალაქს პოტენციური დარტყმის ზონაში აყენებს.


