ISW პუტინის მიმართ რუსეთში დაწყებულ კრიტიკას "უპრეცედენტოს" უწოდებს
10/10/2022 06:11:15 მსოფლიო
ამერიკული ანალიტიკური ცენტრი „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“(ISW) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ რუსეთში დაწყებულ კრიტიკას "უპრეცედენტოს" უწოდებს.
ISW–ის ექსპერტები აცხადებენ, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების და უკრაინაში რუსი სამხედროების და „ნაწილობრივი მობილიზაციის“ წარუმატებლობების გამო პუტინის პირდაპირ კრიტიკაზე გადავიდნენ ომის გაგრძელების მომხრე, ნაციონალისტურად განწყობილი საზოგადოების წარმომადგენლები.
"ეს უპრეცედენტო კრიტიკა ცხადყოფს, რომ იზრდება ეჭვი, შეუძლია თუ არა რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის „დენაციფიკაციის“ მიზნის მიღწევა, რამაც შესაძლოა, შეარყიოს პუტინის მიმზიდველობა მის ძირითად ამომრჩეველში. უკრაინაში შეჭრისას პუტინის მიერ გამოცხადებულ მიზნებს(დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია) დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ნაციონალისტებში, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთს აქვს ისტორიული და კულტურული უპირატესობა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე კონტროლის დამყარების უფლება. თუმცა უკრაინაში ბოლოდროინდელი წარუმატებლობების გამო, ზოგიერთმა სამხედრო ბლოგერმა პუტინი დაადანაშაულა, რომ ეს იდეოლოგია ვერ გაატარა ჯერ კიდევ 2014 წლიდან", – აცხადებს ISW.
ამასთან, რუსი ნაციონალისტების ნაწილი და კრემლის პროპაგანდისტები წარუმატებლობებში ისევ ადანაშაულებენ რუსეთის სპეცსამსახურებს და თავდაცვის სამინისტროს, რამაც, ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიწვიოს პუტინის რეჟიმის შერყევა.


