მოსკოვში ახალ "წითელ ხაზს" ასახელებენ
09/10/2022 08:04:20 მსოფლიო
ყირიმის ხიდის დაზიანების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების გადაცემა მოსკოვისთვის "წითელ ხაზს" წარმოადგენს. ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტულ მედიარესურსთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ს დეპარტამენტის მეორე მოადგილემ ალექსეი პოლიშუკმა ისაუბრა.
მისი თქმით, მოსკოვში აანალიზებენ აშშ-ის და მისი მოკავშირეების ქმედებებს და "შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ადგენენ საპასუხო ნაბიჯებს". პოლიშუკის თქმით, მოსკოვს "საკმარისად აქვს ინსტრუმენტები მათი რეალიზაციისთვის".
ამავე ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ კიევს "ეხმარება უცხოელი მებრძოლების დაქირავება-გადაბირებაში და აძლევს მათ საბრძოლო მოქმედებების წარმოების ორიენტირებს, რაც ვაშინგტონს კონფლიქტის მხარედ აქცევს".
მოსკოვში ასევე აცხადებენ, რომ არ ამბობენ უარს კიევთან მოლაპარაკებებში შუამავლობაზე. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, შუამავლობის სურვილი ბევრ ქვეყანას აქვს, თუმცა მოლაპარაკებების დაწყებამდე, მათ უნდა აიძულონ კიევი, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები. ამასთან, რუსი ოფიციალური პირი ამბობს, რომ რუსეთის მიერ მიერთებული ახალი ტერიტორიების საკითხი განხილვის საგანს არ წარმოადგენს.
ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ოთხი რეგიონი თავის ნაწილებად გამოაცხადა, უკრაინამ ოფიციალურად გამოაცხადა უარი მოსკოვთან მოლაპარაკებებზე კრემლის მოქმედ ლიდერ ვლადიმირ პუტინის პირობებში.
პარალელურად, უკრაინის არმია განაგრძობს კონტრშეტევებს ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში და დეოკუპაციას დაექვემდებარა რამდენიმე დასახლება, რომელიც დეოკუპაციის წინა დღეს საზეიმო ვითარებაში გამოაცხადა პუტინმა რუსეთის ნაწილებად და "წითელ ხაზად". "წითელ ხაზად" ჰქონდა კრემლს გამოცხადებული ანექსირებული ყირიმი, თუმცა აგვისტოდან მოყოლებული იქ ხშირად ხდება აფეთქებები, მათ შორის, საკის სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქებების შედეგად განადგურდა რამდენიმე რუსული სამხედრო თვითმფრინავი; 8 ოქტომბრის დილით (პუტინის იუბილის მეორე დღეს) ყირიმის ხიდზე (პუტინის საამაყო პრორქტი) მოხდა ძლიერი აფეთქება.


