
მინსკი კიევს ადანაშაულებს ბელარუსზე თავდასხმის მზადებაში
09/10/2022 07:40:48 ევროპა
8 ოქტომბერს უკრაინის ელჩს ბელარუსში იგორ კიზიმს ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადასცეს დიპლომატიური ნოტა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა ბელარუსის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის ემზადება.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ოფიციალური ბელარუსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და ხაზს უსვამს, რომ უკრაინა არასდროს დასხმია თავს სხვა ქვეყნების ტერიტორიებს და მტკიცედ იცავს საერთაშორისო კანონის ნორმებსა და პრინციპებს.
უკრაინამ მოუწოდა ბელარუსის ხელისუფლებას „შეწყვიტოს კრემლის ახირებების შესრულება“, ბელარუსის მოსახლეობას კი მიმართა, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს.
ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიექსანდრ ლუკაშენკომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ბელარუსი არ მონაწილეობს და არც შემდგომში მიიღებს მონაწილეობას ომში და რომ ის მხოლოდ ლტოლვილებსა და დაჭრილებს მიიღებს. თუმცა მინსკი ლოგისტიკურ დახმარებას უწევს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, რომელიც დაიწყო 24 თებერვალს, როდესაც რუსული ჯარების ნაწილი უკრაინაში ბელარუსის საზღვრის გავლით შევიდა.
ლუკაშენკომ რუს ჯარებს ბელარუსის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცა, საიდანაც რუსული ძალები ახორციელებენ გაფრენებს უკრაინის ქალაქების დასაბომბად და ასევე რაკეტების გაშვებას. გაეროს ამ დროისთვის 6 000–ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი აქვს იდენტიფიცირებული (რეალური მსხვერპლი მეტია), რომელთა უმეტესობაც სწორედ რომ სარაკეტო, საჰაერო, საარტილერიო თავდასხმებს ემსხვერპლა.
ბელარუსის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები დაწესდა რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში თანამონაწილეობის გამო.
იხილეთ ასევე: „24 თებერვლის განმეორებას აღარავინ დაუშვებს – ომი ბელარუსისვე ტერიტორიაზე დაიწყება“: ლუკაშენკოს აფრთხილებენ