უკრაინამ კურილის კუნძულები იაპონიის კუთვნილებად აღიარა
08/10/2022 06:02:33 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც კურილის კუნძულებს [რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული] იაპონიის ტერიტორიებად აღიარებს, საუბარია ოთხ კუნძულზე - იტურუპი, კუნაშირი, შიკოტანი და ჰაბომაი - რომელთა გამოც იაპონიასა და რუსეთს შორის მრავალწლიანი დავა მიმდინარეობს.
უმაღლესმა რადამ ხმების უმრავლესობით გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ზელენსკიმ კი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ანალოგიური ნაბიჯი გადადგას. მიღებულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტმა "სამართლიანი, იურიდიულად იდეალური, ისტორიული" უწოდა.
საბჭოთა კავშირმა სამხრეთ კურილის კუნძულები მეორე მსოფლიო ომის შედეგად მიიერთა. 1956 წელს სსრკ-მ იაპონიასთან მშვიდობის დეკლარაციას მოაწერა ხელი, რომლითაც დაჰპირდა შიკოტანისა და ჰაბომაის დაბრუნებას სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ. მომდევნო წლებში იაპონია ყველა კუნძულის დაბრუნებას მოითხოვდა, ხოლო 2003 წელს პირველად განაცხადეს, რომ კურილის კუნძულები "უკანონოდ ოკუპირებულია". 2022 წლის მარტში რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმებაზე იაპონიასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა.


