შესაძლო ბირთვული "არმაგედონის" თაობაზე ბაიდენის განცხადების შემდეგ პენტაგონი განმარტებებს აკეთებს
07/10/2022 19:44:45 მსოფლიო
შესაძლო ბირთვული "არმაგედონის" თაობაზე აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადების შემდეგ პენტაგონი განმარტებებს აკეთებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, "რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ მიუღია".
"აშშ გააგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს", – აცხადებენ პენტაგონში.
მანამდე, თეთრ სახლში განმარტეს, რომ ბაიდენის განცხადება მინიშნება იყო, რომ მუქარებს სერიოზულად ეკიდებიან.
დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ "რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ ხუმრობს, როცა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბრობს".
„პირველად კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, გვაქვს პირდაპირი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. პუტინი არ ხუმრობს, როცა საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის, ან ბიოლოგიური, ან ქიმიურ იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე, რადგან მისი არმია, შეიძლება ითქვას, იმაზე საგრძნობლად ცუდად ასრულებს დავალებას, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მე არ ვფიქრობ, რომ არსებობს შესაძლებლობა ბირთვული ტაქტიკური იარაღი მსუბუქად გამოიყენო და ყველაფერი არმაგედონით არ დაასრულო“, – განაცხადა ბაიდენმა.


