Accentnews.ge
"არასწორად ითქვა, რომ სახალხო დამცველმა საპატრიარქოს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი"

"არასწორად ითქვა, რომ სახალხო დამცველმა საპატრიარქოს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი"

07/10/2022 13:14:05 საზოგადოება

"სარჩელი შეტანილი იქნა პარლამენტის წინააღმდეგ, არა საპატრიარქოს", – ასე პასუხობს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილის კითხვას საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის საკითხზე საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ.

ლომჯარიამ განმარტა, რომ სახალხო დამცველმა გაასაჩივრა ნორმა, რომელიც, ომბუდსმენის თქმით, არღვევს რელიგიურ ორგანიზაციებს შორის თანასწორობის პრინციპს.

„ისე წარმოაჩინეს დეპუტატებმა, თითქოსდა სახალხო დამცველი ამ სარჩელით ებრძვის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას. ასევე განვმარტავ, არასწორად ითქვა, რომ სახალხო დამცველმა საპატრიარქოს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. ეს სამართლებრივად არასწორია, იმიტომ რომ სარჩელი შეტანილი იქნა პარლამენტის წინააღმდეგ და გავასაჩივრეთ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. ამ საქმეში მოპასუხე არის პარლამენტი. პატივცემულო დეპუტატებო, განგიმარტავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე წლის წინ აქვს ანალოგიურ საქმეებზე ორი გადაწყვეტილება მიღებული, ორივე სარჩელი დააკმაყოფილა და საკონსტიტუციომ თავისი პრაქტიკით უკვე თქვა, რომ მთელი რიგი საკანონმდებლო ნორმები, რომელიც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას აძლევს უპირატესობას და პრივილეგიებს საგადასახადო თუ პრივატიზების მიმართულებით და ამ შესაძლებლობით სარგებლობა არ შეუძლია სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს, ეს არაკონსტიტუციურია. რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტული მაგალითი მოვიყვანეთ და თითქოს დაზარალებული საქმეში არ არსებობს – სახალხო დამცველს ორგანული კანონის თანახმად, აქვს უნიკალური მანდატი, რომ საქმე წაიღოს საკონსტიტუციო სასამართლოში, იმ შემთხვევაშიც კი, როცა არ არსებობს დაზარალებული. ჩვენ შეგვიძლია, ნორმატიული აქტი გავასაჩივროთ, თუკი მიგვაჩნია რომ ეს ნორმატიული აქტი არღვევს ადამიანის უფლებებს. [...] სახალხო დამცველი არის კონსტიტუციური ინსტიტუტი, გვაქვს კონსტიტუციური მანდატი, რომ წავიღოთ საქმე საკონსტიტუციოში, თუ მიგვაჩნია, რომ ირღვევა ადამიანის უფლება. ამ შემთხვევაში მივიჩნიეთ, რომ ირღვეოდა თანასწორობა. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ლომჯარიამ.

უმრავლესობის წევრი დეპუტატების ნაწილი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარია "ტყის კოდექსის" თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის გამო აკრიტიკებენ. საუბარია სახალხო დამცველის მიერ 2020 წელს მიღებული კანონის გაასაჩივრების ფაქტზე, რომლის მიხედვით, მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S