თავდასხმა რუსეთის კალუგის ოლქზე: უცხოურმა დრონმა სამხედრო აეროდრომის ასაფრენი ზოლი დააზიანა
07/10/2022 12:20:18 მსოფლიო
რუსეთის კალუგის ოლქის სამხედრო აეროდრომ შაიკოვკაზე დღეს აფეთქება მოხდა. ტელეგრამ-არხ Baza-ს ინფორმაციით, აეროდრომის ასაფრენი ბილიკის თავზე დიდი უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა, რომელიც რეგიონის გუბერნატორ ვლადისლავ შაპშას ინფორმაციით, "სავარაუდოდ, [უკრაინის-რედ.] საზღვრის მხრიდან იყო შემოფრენილი".
მისივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურა და ტექნიკა აეროდრომისა, რომელზეც 52-ე გვარდიის მძიმე შემტევი საავიაციო პოლკია დისლოცირებული, არ დაზიანებულა, ადგილზე ამჟამად ოპერატიული საგამოძიებო სამუშაოები წარმოებს.
თავის მხრივ, გამოცემა Mash მომხდარს დივერსიად აფასებს და წერს, რომ დრონს ყუმბარმტყორცნის ქბინები გადაჰქონდა, სამიზნეს კი წარმოადგენდა ასაფრენი ზოლი, რომელიც დაზიანდა კიდეც. თავად უპილოტო, მისი მონაცემებით, სამხედრო ნაწილის სიახლოვეს მდებარე ლოკაციიდან აფრინდა.
აღსანიშნავია, რომ დღემდე შეტევებს რუსეთში მხოლოდ უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარე დასახლებული პუნქტები და ობიექტები ექვემდებარებოდა. ასე, მაგალითად, ბელგოროდის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი პრაქტიკულად რეგულარულად აკეთებს მოხსენებებს ინციდენტების თაობაზე. თავდასხმები იმდენად გახშირდა, რომ ბოლო დროს რეგიონის ლიდერი დაჯავშნული ავტომობილით გადაადგილდება და ჰპირდება საგანგებო სიტუცაიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურებს, რომ ხადნახან ამ მანქანას მათაც ათხოვებს. კიდევ ერთი რუსული საზღვრისპირა რეგიონი - კურსკის ოლქი დივერსანტების საყვარელ სამიზნედ იქცა. აქ ლამის ყოველდღიურ რეჟიმში აფეთქებენ რკინიგზის სხვადასხვა მონაკვეთებსა და ელექტროგადამცემ ხაზებს. ამას წინათ დივერსიის შედეგად კურსკის ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეიზღუდა. პოტენციური ცხელი წერტილების გეოგრაფია რუსეთში ფართოვდება. 14 სექტემბერს დრონი სტავროპოლის ოლქში ჩამოვარდა, დაშავდა 6 ადამიანი და როგორც მედია იუწყებოდა, რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი Ту-141 «Стриж» იყო შეფრენილი. დივერსანტების სამიზნედ იქცა როსტოვის ოლქიც: 12 სექტემბერს ადგილობრივი მაცხოვრებლები იუწყებოდნენ აფეთქებების შესახებ, რომელთა ხმა 200 კმ რადიუსში ისმოდა. ააფეთქებების ხმების შესახებ იუწყებოდნენ ასევე აზოვიდან, ტაგანროგიდან, ნოვოშახტინსკიდან, ბატაისკიდან, ნოვოჩერკასსკიდან და სხვა დასახლებული პუნქტებიდან. თუმცა საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განაცხადეს, რომ აფეთქებების შესახებ ინფორმაცია არ შესვლიათ, გუბერნატორის პრესსამსახურმა კი მოუწოდა მოსახლეობას, "პანიკის თესვას თავი დაანებოს".


