ვინ მიულოცა პუტინს 70 წლის იუბილე
07/10/2022 10:46:36 მსოფლიო
კრემლის მეთაურ ვლადიმირ პუტინს 70 წლის იუბილე ჩრდილოეთ კორეის, ბელორუსის ლიდერებმა და საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების –აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტებმა მიულოცეს.
ცხინვალის „პრეზიდენტის“ალან გაგლოევის თქმით, პუტინის საქმიანობა პრეზიდენტის რანგში „კავშირშია ღრმა პოზიტიურ ცვლილებებთან, რაც მოხდა რუსეთის ფედერაციაში“:
„თქვენი სახელმწიფოებრივი ხედვა, ძალისხმევა, თავდადება და დაუღალავი შრომა უდევს საფუძვლად იმ მართლაც შთამბეჭდავ წარმატებებს, რომელთაც რუსეთმა მიაღწია, დაიბრუნა ლიდერის სტატუსი საერთაშორისო ასპარეზზე“, - აღნიშნა გაგლოევმა და მადლობა გადაუხადა პუტინს „გადამწყვეტი ქმედებებისთვის, რათა ეიძულებინა აგრესორი მშვიდობისკენ 2008 წელს“.
აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ასლან ბჟანიამ თავის მილოცვაში აღნიშნა, რომ პუტინის ხელმძღვანელობით „რუსეთის მრავალეროვნული ხალხი ადეკვატურად პასუხობს გლობალურ გამოწვევებსა და საფრთხეებს“.
ბჟანიამ აღნიშნა, რომ მისი აზრით, პუტინი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მსოფლიო ლიდერია და რომ სარგებლობს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ურყევი მხარდაჭერით.
„აფხაზეთის რესპუბლიკა მუდამ მადლიერი იქნება პირადი წვლილისთვის, რომელიც შეაქვთ აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარებაში, რომელიც სტრატეგიული და მოკავშირე ხასიათს ატარებს, დინამიურად და ნაყოფიერად ვითარდება ძლიერი კავშირების, მეგობრობისა და ურთიერთგაგების საფუძველზე“, - დასძინა ბჟანიამ.
ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ხაზი გაუსვა რუსეთის პრეზიდენტის დამსახურებას „ძლიერი რუსეთის მშენებლობაში“ და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების იმედი გამოთქვა.
მისი თქმით, დღეს რუსეთი „წარმატებით იცავს სახელმწიფოს ღირსებას და მის ფუნდამენტურ ინტერესებს“, ხოლო მათ „საფრთხეს უქმნიან ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ვასალური ძალები".
ბელარუსიის ავტორიტარმა ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკომ პუტინს "დიდებული ქვეყნის ნამდვილი ლიდერი“ უწოდა.
„თქვენ იღებთ კარგად გააზრებულ და რთულ გადაწყვეტილებებს, რათა უზრუნველყოთ რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებელი განვითარება, დაიცვათ რუსი ხალხის ტრადიციები და ღირებულებები“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ საეკლესიო სამღვდელოებას ვლადიმირ პუტინის ჯანმრთელობისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.


