„პუტინს ამაზე არ უფიქრია!“: ცნობილი რუსი ჟურნალისტი სამოქალაქო დაპირისპირების რისკზე საუბრობს
07/10/2022 08:38:45 მსოფლიო
ცნობილი რუსი ჟურნალისტი ალექსეი ვენედიქტოვი, რომელმაც უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი 24 თებერვალსვე დაგმო და მას „კატასტროფული შეცდომა“, „რადიაცია“ უწოდა, რომლის უმძიმეს შედეგებსაც რუსეთის მოსახლეობა მტკივნეულად მოიმკის, ფიქრობს, რომ მობილიზაციის გამოცხადებით კრემლის ლიდერს აქვს განზრახვა, მის მოკავშირეებად აქციოს თითოეული სამხედროს ოჯახი.
თუმცა, როგორც ვენედიქტოვი ამბობს, ამ გადაწყვეტილებას თან სდევს სხვა მძიმე პოლიტიკური შედეგი, რომელზეც პუტინს „არ უფიქრია“. ამ კონტექსტში მან ომისადმი საზოგადოებაში არსებულ განსხვავებულ დამოკიდებულებებზე გაამახვილა ყურადღება და ახსენა სამოქალაქო დაპირისპირების რისკი.
„დარწმუნებული ვარ, რომ მობილიზაცია პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილება უფრო იყო და არა ამხედრო – ამ გადაწყვეტილებით პუტინმა ერთის მხრივ, გენერლებს დაუთმო –„თუ გინდათ, გავიმარჯვოთ, სამხედროები მოგვეცით, საკმარისი არ გვყავს ან ნუ ითხოვთ წარმატებასო“ და პუტინიც დასთანხმდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილების მცირე ნაწილია, ხოლო მთავარი ამბავი ისაა, რომ პუტინს კომპანიონები სჭირდებოდა: თითოეული მობილიზებული და მისი ოჯახი პუტინის კომპანიონია ამ ომში. თუ აქამდე ეს „სპეცოპერაცია“ „სადღაც“ მიმდინარეობდა პუტინის მოკავშირეებისთვის და გულგრილად ეკიდებოდნენ მას, „კარგად იბრძვიან თუ ცუდად, ღმერთი მათკენ, ჩვენ იპოთეკა გვაქვს, მოსავალი უნდა ავიღოთო“, ახლა უკრაინაში მებრძოლი თითოეული პირი პუტინის კომპანიონი ხდება. ვფიქრობ, მისი პოლიტიკური გათვლა ომისადმი მხარდაჭერის გაზრდაა საზოგადოებაში: როგორ არ უნდა დაუჭირო მხარი ომს, თუ იქ შენი შვილი იბრძვის?! – ეს იყო მისი გათვლა. შესაძლოა, ამაში შეცდა, რაც სავსებით შესაძლებელია, მაგრამ პირველ ეტაპზე მობილიზაციის თავის არიდების მცდელობასთან ერთად ვნახეთ კადრებიც, როგორ გზავნიდნენ დედები შვილებს. აქ ძალიან საშიშია სხვა პოლიტიკური შედეგი, რომელზეც პუტინს არ უფიქრია: ჩვენ ახალგაზრდა კაცების ერთი თაობა გვყავს, მათი ერთი ნაწილი ფრონტზე მიდის, ხოლო მეორე – ემიგრაციაში – ეს ორი ნაკადი ერთი ერია, ჩვენ ერთი ხალხი ვართ და ოდესმე ისინი ერთმანეთს შეხვდებიან. და იმ კონტექსტში, როდესაც საუბრობენ სამოქალაქო ომზე, საზოგადოებრივ დაპირისპირებაზე, აი, ესაა სამოქალაქო დაპირისპირება!“,– ფიქრობს ვენედიქტოვი.
პუტინმა უკრაინაში საომრად მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. მას შემდეგ ათასობით ადამიანმა დატოვა რუსეთი, მრავალკილომეტრიანი რიგები დადგა რუსეთის აეროპორტებსა და სახმელეთო საზღვრებთან, მათ შორის – ზემო ლარსზე.


