იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს
07/10/2022 07:41:05 მსოფლიო
იაპონიამ გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების საპასუხოდ. სანქცირებულთა სიას დაემატა 80 ფიზიკური პირი და ცხრა რუსული ორგანიზაცია,– აცხადებენ ქვეყნის ფინანსთა სამინისტროში.
კერძოდ, სიაში მოხვდნენ ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის ნათესავები: ქალიშვილები – აიშატი, ხადიჟატი და ტაბარიკი, კადიროვის მეუღლე მედნი, ჩეჩნეთის სილამაზის კონკურსის მონაწილე ფატიმა ხაზუევა და მომღერალი ამინათ ახმადოვა, რომლებსაც იაპონიის ფინანსთა სამინისტრო კადიროვის ახლო გარემოცვად მიიჩნევს.
სანქციები ასევე დაუწესდათ რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მეუღლესა და ქალიშვილებს, პრემიერ-მინისტრ მიშუსტინის ცოლსა და ვაჟებს და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის დიმიტრი მედვედევის ოჯახს.
საქნციები შეეხოთ რუს პროპაგანდისტებს და ბიზნესმენებსაც: RT-ის ხელმძღვანელს მარგარიტა სიმონიანს, რუსეთის ეროვნული მედია ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელს ალინა კაბაევას, „ღამის მგლების“ კლუბის ლიდერს ალექსანდრე ზალდოსტანოვს (ქირურგი) და ბიზნესმენებს – დიმიტრი პუმპიანსკის და ვიქტორ რაშნიკოვს.
შეზღუდვებმა მოიცვა „კალაშნიკოვისა“ და „სოზვეზდიეს“ კონცერნები, Ruselectronics ჰოლდინგი და JSC UEC-Klimov, Yantar and More გემთმშენებლობის ქარხნები და United Engine Corporation (შედის როსტეკის სახელმწიფო კორპორაციაში).
იაპონია მუდმივად აფართოებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის გამო. სექტემბრის ბოლოს სანქციების სიას 21 რუსული კომპანია შეემატა. გარდა ამისა, იაპონიამ დააწესა ემბარგო „რუსეთის ფედერაციაში ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული საქონლისა და მასალების“ ექსპორტზე.
მანამდე 300-მდე რუსული კომპანია და ორგანიზაცია მოექცა იაპონიის სანქციების ქვეშ. იაპონიის ხელისუფლებამ გაყინა VTB, Sberbank, Otkritie Bank, Promsvyazbank, VEB.RF და Alfa-Bank-ის აქტივები. აკრძალულია რუსეთში მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის ექსპორტი, მათ შორის – 3D პრინტერების, კვანტური კომპიუტერების და მიკროსკოპების. გარდა ამისა, იაპონიის ხელისუფლებამ ემბარგო დააწესა რუსული ოქროს იმპორტზე.
ერთი დღით ადრე ევროკავშირმა გამოაქვეყნა რუსი იურიდიული და ფიზიკური პირების სია, რომლებიც ახალ სანქციებს ექვემდებარებიან. სიაში 30 ფიზიკური და 7 იურიდიული პირია. სანქციების სია გაფართოვდა და მოიცავს იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე უკრაინიდან გასვლის შესახებ „რეფერენდუმის“ ორგანიზებაში, თავდაცვის ინდუსტრიასა და ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში.


