
ერდოღანი, თავდაპირველი პირობის მიუხედავად, კობანში შეჭრას არ გამორიცხავს
16/10/2019 14:20:32 სხვა, მსოფლიო
„სირიის ობსერვატორია ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, რუსულმა ძალებმა მდინარე ევფრატი გადალახეს და სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კობანის სიახლოვეს განლაგდნენ. აღნიშნული ქმედება მოჰყვა ქურთების მიერ სირიის სამთავრობო ჯარებისადმი მიმართვას, დახმარებოდნენ მათ თურქული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში და განელაგებინათ კონტინგენტი თურქეთის საზღვრის სიახლოვეს.
აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტ მაიკ პენსის განცხადებით, ამ ქალაქში არშესვლის პირობა ერდოღანმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრისას მისცა. თუმცა ერდოღანი, თავდაპირველი პირობის მიუხედავად, კობანში შეჭრას არ გამორიცხავს:
„ბატონი ტრამპის კომენტარი კობანზე იყო შემდეგი: „არ განახორციელო დარტყმები იქ“. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ მომენტისთვის კობანში შესვლას არ ვაპირებთ. მაგრამ თუ ვითარება შეიცვლება, შევალთ“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსული ძალები სირიის სამთავრობო ჯარებთან ერთად ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მანბიჯში შევიდნენ, სადაც კობანის მსგავსად ასევე ქურთული შენაერთებია გამაგრებული. რუსული მედიის ცნობით, სირიის სამთავრობო ჯარებმა დაიკავეს ის ადგილები, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ ერდოღანი ქალაქ მანბიჯში შესვლასაც არ გამორიცხავს.
„პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დღევანდელი სატელეფონო საუბრისას მე მას ვუთხარი, თუ შენ გაწმენდ მანბიჯს ტერორისტული ორგანიზაციებისგან, კი ბატონო. შენ და სირიის რეჟიმს შეგიძლიათ, ეს გააკეთოთ. მაგრამ თუ შენ ამის გაკეთებას არ აპირებ, მინდა, გითხრა, რომ იქ მცხოვრები ხალხი ჩვენგან შველას ითხოვს“, – განაცხადა ერდოღანმა.
ცნობისთვის: 9 ოქტომბერს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყო ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც ანკარის განცხადებით, მიმართულია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სირიელი ქურთები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდნენ. თუმცა თურქეთის მთავრობა, სირიელ ქურთებს მიიჩნევს მის მიერ ტერორისტულად გამოცხადებული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად. თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-მა სირიიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანა დაიწყო. აღნიშნულის გამო ოპონენტებმა ტრამპი ამერიკელების მოკავშირე ქურთების ღალატში დაადანაშაულეს.
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში სამხედრო ოპერაცია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.
14 ოქტომბერს გამართულ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თურქეთისთვის იარაღის მიყიდვა შეზღუდეს. 15 ოქტომბერს კი აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა.