Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: "გათავისუფლებულ ტერიტორიებს ოკუპანტების ადგილობრივი მომხრეებიც ტოვებენ"

უკრაინის გენშტაბი: "გათავისუფლებულ ტერიტორიებს ოკუპანტების ადგილობრივი მომხრეებიც ტოვებენ"

06/10/2022 05:44:23 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ თავდაცვის ძალების მიერ ტერიტორიების ეტაპობრივად გათავისუფლების და იქიდან რუსეთის ჯარების ქვედანაყოფთა გასვლის პარალელურად, ამ რაიონებს საოკუპაციო ძალების ადგილობრივი მხარდამჭერებიც ტოვებენ.

გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოდან ნოვოფსკოვისკენ გაემგზავრა ოკუპანტების მხარდამჭერთა სამი ავტობუსი.

გენშტაბის ცნობით, ხერსონის ოლქის დატოვებას და უკან, ყირიმის ნახევარკუნძულზე დაბრუნებას გეგმავენ ხერსონში გაგზავნილი, დაცვის კერძო კომპანიების წარმომადგენლები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ოფიციალურად არ ასახელებს ლუგანსკის და ხერსონის ოლქებში გათავისუფლებული დასახლებული პუნქტების რაოდენობას.

ცნობისთვის: 5 ოქტომბერს ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გათავისუფლებულია 6 დასახლებული პუნქტი. მოგვიანებით, უკრაინის არმიის სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ დაადასტურა ხერსონის ოლქში 8 დასახლებული პუნქტის გათავისუფლება.

1 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის ძალებმა კიევის კონტროლი აღადგინეს დონეცკის ოლქის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ლიმანზე.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 5 ოქტომბერს ხელი მოაწერა „კანონებს“, რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ოთხი რეგიონის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს მიღების „შეთანხმებათა რატიფიკაციის“ შესახებ. იმავე დღეს, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი დაიბრუნებს დონბასის და ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების იმ ტერიტორიებს, რომლებსაც ამჟამად კიევი აკონტროლებს და ისინი „სამუდამოდ რუსეთის შემადგენლობაში იქნებიან“.

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას არ ცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა. ერთადერთი, ვინც მოსკოვს მხარდაჭერა გამოუცხადა, ჩრდილოეთ კორეაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S