
"ბიზნესაქტივობით გადავდივარ რუსეთში, ძირითადად ვიცხოვრებ იქ"
05/10/2022 13:52:15 საზოგადოება
პრორუსულად განწყობილი ჯგუფების მიერ დაფუძნებული ტელეარხის, "ალტ-ინფოსა" და პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ ბიზნესსაქმიანობას იწყებს რუსეთში.
"ფაქტობრივად, უკვე დავასრულე მოლაპარაკებები და ბიზნესაქტივობით გადავდივარ რუსეთის ფედერაციაში. ჩემი დროის დიდ ნაწილს გავატარებ რუსეთის ფედერაციაში. ჩემი ბიზნესისთვის იქ ბევრად უფრო დიდი შესაძლებლობებია, ვიდრე აქ. შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად ვიცხოვრებ რუსეთში",– აცხადებს მორგოშია.
ცნობისთვის: "ალტ-ინფო" სატელევიზიო/ონლაინ ეთერში რუსეთის მიერ დაწყებულ ომში უკრაინის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ტელეარხს მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობის უფლება აქვს.
ამ არხის დამფუძნებლები არიან 2021 წლის 5 ივლისისთვის დაგეგმილი "ღირსების მარშის" კონტრაქციის ორგანიზატორები. კონტრაქციაზე 50-ზე მეტ ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ზურა მახარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა უნდა დაიწყოს. "კონსერვატიული მოძრაობა" პარტიის სახით 2021 წლის ბოლოს დარეგისტრირდა. ამავე პარტიის ლიდერები არიან ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელებიც.