რუსეთში მობილიზაციისგან თავის არიდებისთვის პირველი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
05/10/2022 13:45:03 მსოფლიო
რუსეთში, პენზის ოლქში მობილიზაციისგან თავის არიდების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ეს ამ ტიპის პირველი საქმეა, რომლის შესახებაც ცნობილი გახდა. ინფორმაცია უფლებადამცველ ორგანიზაცია „აგორას“ ხელმძღვანელმა პაველ ჩიკოვმა გაავრცელა.
ჩიკოვის თქმით, 32 წლის ბრალდებულმა სამხედრო კომისარიატში უწყების ხელმოწერაზე უარი განაცხადა, რის გამოც დააკავეს „ომონის ძალის დახმარებით“. იგი უკვე მეორე დღეა, დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. სასამართლომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს უნდა იმსჯელოს.
ჩიკოვის თქმით, რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლი მხოლოდ ვადიანი სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების შემთხვევაში გამოიყენება, მობილიზაციისგან თავის არიდება ამ მუხლის მიხედვით დასჯად ქმედებებს არ განეკუთვნება. ბრალდებულის ადვოკატმა დაკავებულის სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა.
პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დაიწყო. რუსეთის სხვადასხვა რეგიონში სამობილიზაციო პროცესის ფარგლებში, სულ მცირე, ათი გარდაცვლილის შესახებ გახდა ცნობილი, სამმა მათგანმა თავი მოიკლა.


