ყაზახეთში რუსეთის ელჩი დაიბარეს ზახაროვას განცხადების გამო
05/10/2022 11:58:21 მსოფლიო
5 ოქტომბერს რუსეთის ელჩი ყაზახეთში ალექსეი ბოროდავკინი დაიბარეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადების გამო.
ერთი დღით ადრე ზახაროვამ აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ უკრაინის ელჩი ყაზახეთში პიოტრ ვრუბლევსკი "აგრძელებს დიპლომატიურ მიღებებზე დასწრებას დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის რანგში". რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიპლომატთან მიმართებაში გამოიყენა ფრაზები „აგრესიული რუსოფობი“, „ოდიოზური ნაციონალისტი“.
მისი თქმით, ასტანამ პირობა დადო, რომ ვრუბლევსკი დატოვებდა ქვეყანას, მაგრამ ამას არ ასრულებს. ზახაროვამ ასევე განაცხადა, რომ ვრუბლევსკის სიტყვები არღვევს ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსს.
ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აიბეკ სმადიაროვმა ზახაროვას განცხადებებს უწოდა „ყაზახეთისა და რუსეთის, როგორც თანასწორუფლებიანი სტრატეგიული მოკავშირეების ორმხრივი ურთიერთობებისთვის დისონანსური ბუნების“.
„ჩვენ ასევე ვერ გავიგეთ, რა სახის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზეა საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან, ვინაიდან უკრაინის ელჩს ყაზახეთში, ვენის კონვენციის თანახმად, აქვს დიპლომატიური იმუნიტეტი“. - თქვა სმადიაროვმა.
მისი თქმით, ვრუბლევსკი მალე დატოვებს ქვეყანას და დაინიშნება ახალი ელჩი.
მიმდინარე წლის აგვისტოში პიოტრ ვრუბლევსკიმ ერთ–ერთ ინტერვიუში უკრაინის ომზე საუბრისას შემდეგი რამ განაცხადა: "ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრი მათგანი მოვკლათ. რაც უფრო მეტ რუსს მოვკლავთ ახლა, მით ნაკლების მოკვლა მოუწევთ ჩვენს შვილებს". მაშინ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩს პროტსტი გამოუცხაქდა.


