აშშ–ის ატომური ავიამზიდი იაპონიის ზღვაში შევიდა ფხენიანის საპასუხოდ
05/10/2022 08:34:53 მსოფლიო
აშშ–ის ატომური ავიამზიდი „რონალდ რეიგანი“ შევიდა იაპონიის ზღვაში მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის თავზე საშუალო რადიუსის რაკეტა გაუშვა. ამერიკული ხომალდი სამხრეთ კორეის აღმოსავლეთით განთავსდება, – იტყობინება Yonhap სამხრეთ კორეის სამხედროებზე დაყრდნობით.
ავიამზიდის დაბრუნება იაპონიის ზღვაში იქნება პასუხი ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვებაზე. მანამდე „რონალდ რეიგანმა“ მონაწილეობა მიიღო შეერთებული შტატების, იაპონიის და სამხრეთ კორეის ერთობლივ საზღვაო წვრთნებში. სექტემბრის ბოლოს, სავარჯიშო ზონაში ავიამზიდის ჩასვლიდან რამდენიმე დღეში, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვისკენ.
ერთი დღის წინ ჩრდილოეთ კორეამ გაუშვა საშუალო რადიუსის რაკეტა, რომელმაც იაპონიის ტერიტორიას გადაუფრინა და ოკეანეში ჩავარდა. იაპონიის მთავრობამ ჩრდილოეთ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის გამოსცა გაფრთხილება თავშესაფარში ან მყარ შენობებში გადასვლის თაობაზე. გაფრთხილება ასევე გამოიცა ქვეყნის მასშტაბით საჰაერო ტრანსპორტის შესახებ.
წლის დასაწყისიდან ჩრდილოეთ კორეამ 23 რაკეტა გაუშვა. ეს მეშვიდე შემთხვევაა, როცა რაკეტამ იაპონიის თავზე გადაიფრინა.


