
ერდოღანი ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრას არ აპირებს: "როცა ტრამპი ჩამოვა, ვილაპარაკებ“
16/10/2019 12:28:39 სხვა, მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ არ აპირებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრას, რომლებიც სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თურქეთში გეგმავენ ჩასვლას.
“მათთან ლაპარაკს არ ვაპირებ. თავიანთი რანგის პირებს ელაპარაკონ. როცა ტრამპი ჩამოვა, მაშინ ვილაპარაკებ“, – აცხადებს ერდოღანი.
ამასთან, ერდოღანმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები დაასახელა:
„თუ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში გამაგრებული ქურთი მებრძოლები იარაღს დაყრიან და დატოვებენ ტერიტორიას, სადაც ჩვენ „უსაფრთხოების ზონის“ გაკეთებას ვგეგმავთ, თურქეთი სამხედრო ოპერაციის შეწყვეტს. მანამდე კი ვერავითარი ძალა ვერ გვაიძულებს, უკან დავიხიოთ“, – განაცხადა ერდორანმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩევლის რობერტ ო’ბრაიანის და სირიის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმზ ჯეფრის თანხლებით, თურქეთში გაემგზავრება, სადაც ერდოღანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ისინი გეგმავენ, ანკარას შეატყობინონ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ეკონომიკურ სანქციებს შეთანხმების მიღწევამდე არ შეწყვეტს.
არსებული სანქციების გარდა, შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ტრამპი დამატებითი სანქციების დაწესებასაც განიხილავს: “დიდი ტარიფები რკინაზე. მათ შეერთებულ შტატებში ბევრი რკინა ჩამოაქვთ. დიდ ფულს აკეთებ რკინის ჩამოტანით. ვეღარ გააკეთებენ ამდენ ფულს“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
თურქეთმა 9 ოქტომბერს საზღვრის გასწვრივ - ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მისი თქმით, მიზანს 30 კილომეტრის სიღრმეში ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა წარმოადგენს. ამ ტერიტორიას ქურთი მებრძოლები აკონტროლებენ, რომელთაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს. აშშ-მა ტრამპის გადაწყვეტილებით, ოპერაციის დაწყებამდე ტერიტორიიდან ამერიკელი სამხედროები გაიყვანეს.