პრიგოჟინი პეტერბურგის გუბერნატორს უკრაინის არმიის მხარდაჭერაში ადანაშაულებს
05/10/2022 06:15:18 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი უკრაინის არმიის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
"რადიო თავისუფლების" რუსული სამსახურის ცნობით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ის და „ვაგნერის“ მებრძოლები გუბერნატორისგან ზიანის მეტს ვერაფერს ხედავენ და ბეგლოვი „დე ფაქტო კოლოსალურ მხარდაჭერას უწევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“ და „სხვა მტრულ სტრუქტურებს“. კონკრეტულად რა სახის მხარდაჭერას გულისხმობს, პრიგოჟინს არ უთქვამს.
რუსული მედიის ცნობით, 4 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კინოთეატრში ევგენი პრიგოჟინის პროპაგანდისტული ფილმი უკრაინაში რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მონაწილეთა შესახებ უნდა ეჩვენებინათ, თუმცა ჩვენება გუბერნატორის პირადი მითითებით არ გაიმართა.
"პუტინის პირად მზარეულად" წოდებულმა ევგენი პრიგოჟინმა პირველად მხოლოდ სექტემბრის ბოლოს დაადასტურა, რომ კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის" შემქმნელი და დამფინანსებელია. რუსეთი უკვე წლებია "ვაგნერს" იყენებს მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში და აქტიურად ჰყავს ჩართული უკრაინასთან ომშიც.


