უკრაინის გენშტაბი: "მტერი ხერსონის დატოვებისას სახლებსა და ინფრასტრუქტურის ობიექტებს ნაღმავს"
05/10/2022 06:03:30 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, "მტერი ხერსონის ოლქის დასახლებული პუნქტების დატოვებისას სახლებს და ინფრასტრუქტურის ობიექტებს ნაღმავს".
გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე, სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე განახორციელეს 9 სარაკეტო და 6 საავიაციო დარტყმა და 56-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად დონეცკის და ხარკოვის ოლქებში 27-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაზარალდა.
"ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქვედანაყოფების შეტევები მოიგერიეს დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან. უკრაინის არმიის ავიაციამ განახორციელა 17 დარტყმა და დადასტურებულია მოწინააღმდეგის 4 საყრდენი პუნქტის, სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების თავმოყრის 11 ადგილის და 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განადგურება. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 1 ვერტმფრენი და 2 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 2 მართვის პუნქტი, ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 4 ადგილი და 1 სარაკეტო-საზენიტო კომპლექსი", – აცხადებს გენშტაბი.
უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, 3 ოქტომბერს, საღამოს თავდაცვის ძალებმა ხერსონის ოლქში იერიში მიიტანეს მოწინააღმდეგის მიერ მდინარე დნეპრზე მოწყობილ გადასასვლელებზე. რუსი სამხედროების დანაკარგები ჯერ–ჯერობით დაზუსტებული არ არის.


