რუსეთში, სამხედრო ნაწილში სულ მცირე, ცხრა მობილიზებული დაიღუპა
04/10/2022 12:42:57 მსოფლიო
ომსკის სამხედრო ნაწილში მობილიზებული პირი დაიღუპა. მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის - იუწყება გამოცემა NGS24.RU.
გარდაცვლილის მეუღლეს მხოლოდ მოკლედ აცნობეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და რომ მოგვიანებით მას ყველა დოკუმენტი გადაეგზავნება.
ჟურნალისტთან საუბარში ქალმა განაცხადა, რომ მისი ქმარი „პატრიოტი იყო და ომში საკუთარი სურვილით წავიდა“. ასევე ცნობილია, რომ გარდაცვლილის ახლო მეგობარმა მუქარის შესახებ ისაუბრა, რომელიც მათ სხვა მობილიზებულებთან კონფლიქტის ფონზე მიიღეს. გარდაცვლილის მეგობრის ცოლს ეეჭვება, რომ ეს თვითმკვლელობა იყო: „მას სუიციდური მიდრეკილება არ ჰქონია. მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. როცა წავიდა, სულ მხიარულად იყო, ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნებას აპირებდა“, - იხსენებს ქალი.
ჟურნალ DOXA-ს ინფორმაციით, ეს მობილიზებული ადამიანის გარდაცვალების უკვე მეცხრე შემთხვევაა:
- „სამი ადამიანი დაიღუპა სვერდლოვსკის რაიონში: ერთი გულის შეტევით გარდაიცვალა. მეორემ თავი მოიკლა - ცენტრის სასადილოში იპოვეს კისერზე ჭრილობებით. მესამე გარნიზონის ტერიტორიაზე ჩხუბისას დაჭრეს – შინაგანი სისხლდენით გარდაიცვალა.
- ტიუმენის რაიონში მობილიზებულმა პირმა თავი ჩამოიხრჩო რეკრუტირების სადგურის ტერიტორიაზე.
- ნოვოსიბირსკში მობილიზებული მამაკაცი ძილში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
- ყაბარდო-ბალყარეთის მცხოვრები თრომბით გარდაიცვალა. წინა დღით მან სამედიცინო შემოწმება გაიარა და ფიზიკურად ჯანმრთელად გამოცხადდა.
- მობილიზებულმა იეგორ ნაზაროვმა თავი მოიკლა ველიკი ნოვგოროდში უწყისის მიღების შემდეგ.
- ვლადივოსტოკში გამოძახების გასაპროტესტებლად კაცი მოვიდა. ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა“.
***
21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში უკრაინის ომისთვის მოსახლეობის მობილიზება გამოაცხადა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი, თუმცა არსებობს არაერთი ფაქტი, რომ უწყება მისდით იმ ადამიანებსაც, რომელთაც არასდროს უმსახურიათ ჯარში, ოჯახური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ეკუთვნით გაწვევა.
თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, 200 000 მობილიზებული ადამიანი უკვე მივიდა სასწავლო ცენტრებსა და სამხედრო პოლიგონებზე.


