
TI – 2021 წელს ყველაზე მეტი რეკლამა და ყველაზე დიდი ზარალი ტელეკომპანია "იმედს" ჰქონდა
04/10/2022 10:22:16 საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI ) სატელევიზიო სარეკლამო ბაზრების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ქართული ტელევიზიების შემოსავლებია მიმოხილული 2021 წლის განმავლობაში.
ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი "იმედის" ჰოლდინგს ჰქონდა - ტელეკომპანია "იმედს" ჰქონდა წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ზარალიც. "იმედის" ჰოლდინგის შემოსავალმა 2021 წელს 31.1 მლნ ლარი (სარეკლამო ბაზრის 37.4%) შეადგინა, ტელეკომპანია "იმედის" ზარალი კი 74, 4 მილიონი ლარი იყო.
TI –ს კვლევის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანაში არსებული 5 ყველაზე მსხვილი ტელევიზიიდან, მოგება არც ერთს არ ჰქონია.
2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 116 ტელევიზია მაუწყებლობს. ჯამში, სარეკლამო შემოსავლების მხრივ 5 ყველაზე შემოსავლიან ტელევიზიას მთლიანი სარეკლამო ბაზრის 81% უჭირავს.
ბოლო წლებში ყველაზე დიდი სარეკლამო კლება მანამდე ლიდერ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ აქვს, რაც დროში მფლობელის შეცვლას ემთხვევა. 2018 წელთან შედარებით 2021 წელს მისი სარეკლამოშემოსავალი 19.3 მლნ ლარით (63.4%) შემცირდა და 11.1 მლნ ლარი შეადგინა. 2021 წელს მეორე ადგილიც დათმო და მესამეზე გადაინაცვლა. შემოსავლების მხრივ მეორე ადგილზე 2019 წელს შექმნილიტელეკომპანია „მთავარმა არხია“ 11.9 მლნ ლარიანი სარეკლამო შემოსავლით.
2021 წელს, კერძო ტელევიზიებიდან ჯამური შემოსავლების მხრივ პირველი ადგილი „ფორმულას“ უჭირავს 37.5 მლნ. ლარით, რომელშიც 31.6 მლნ ლარი „არასამაუწყებლო შემოსავალია“, რაც მფლობელისგან, დავით კეზერაშვილისგან სესხის სახით აღებულ თანხას წარმოადგენს.
2021 წელს კერძო ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 1.3 მლნ ლარით არის გაზრდილი (1%) და 139.8 მლნ ლარს შეადგენს.