უკრაინის გენშტაბი: "რუსეთი უკრაინაში საომრად სირიაში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო კონტიგენტსა და ციმბირის სამხედრო ოლქში მყოფ სამხედროებსაც აგზავნის"
04/10/2022 06:36:15 მსოფლიო
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში საომრად სირიაში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო კონტიგენტსა და ციმბირის სამხედრო ოლქში მყოფ სამხედროებსაც აგზავნის.
გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე, სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე განახორციელეს 3 სარაკეტო და 12 საავიაციო დარტყმა და 100-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
"საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზარალდა 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, მათ შორის დონეცკის ოლქში მდებარე ბელოგოროვკა, ზაიცევო, მარიინკა და ბახმუტი. სხვა მიმართულებებით, ათეულობით დასახლებულ პუნქტში მოწინააღმდეგე იყენებდა ტანკებს, ნაღმმტყორცნებს და არტილერიას", – აცხადებს გენშტაბი.
მისი ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქვედანაყოფების შეტევები მოიგერიეს დონეცკის ოლქის 7 დასახლებულ პუნქტთან:
"ბოლო 24 საათში უკრაინის არმიის ავიაციამ განახორციელა 22 დარტყმა და დადასტურებულია მოწინააღმდეგის 3 საყრდენი პუნქტის, სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების თავმოყრის 16 ადგილის და 3 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განადგურება. სარდლობის ცნობითვე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 2 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 2 მართვის პუნქტი, ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 12 ადგილი, საბრძოლო მასალების 2 საწყობი და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტი".


