ზელენსკი მასკს პასუხობს: "რომელი მასკი უფრო მოგწონთ, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს თუ რუსეთს?"
04/10/2022 06:09:13 მსოფლიო
„რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს თუ რუსეთს?“, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „სპეის-იქსისა“ და „ტესლას“ დამფუძნებლის ილონ მასკის "სამშვიდობო გეგმას" უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.
მასკს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმაც მიმართა, "უკეთესი სამშვიდობო გეგმა არსებობს".
პოდოლიაკმა "ტვიტერში" პირად გვერდზე თავისი სამპუნქტიანი ვერსია დადო:
- „უკრაინა ათავისუფლებს თავის ტერიტორიებს, ანექსირებული ყირიმის ჩათვლით;
- ხდება რუსეთის დემილიტარიზაცია და სავალდებულო დენუკლეარიზაცია, რომ ვეღარ შეძლოს სხვების დაშინება;
- ომის დამნაშავეები წარდგებიან საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე".
ცნობისთვის: ილონ მასკმა გადაწყვიტა რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევის საკუთარი გეგმა მოეფიქრებინა და ხმის მისაცემადაც დაედო "ტვიტერზე".
მისი გეგმა შემდეგია:
- „მშვიდობა უკრაინა-რუსეთს შორის:
- განმეორებით, გაერო–ს ზედამხედველობის ქვეშ, ჩატარდეს არჩევნები ანექსირებულ რეგიონებში. რუსეთი დატოვებს ამ რეგიონებს, თუკი ასეთი იქნება ხალხის ნება;
- ყირიმი ოფიციალურად რუსეთის ნაწილია, როგორც იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის მიერ შეცდომის დაშვებამდე);
- ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილია;
- უკრაინა რჩება ნეიტრალური“.
უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების პრორუსულმა, დე ფაქტო ადმინისტრაციებმა 23-27 სექტემბერს ჩაატარეს ე.წ. რეფერენდუმები რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად. 30 სექტემბერს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი რეგიონი ანექსირებულად გამოაცხადა.


