ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის ელჩები დაიბარეს
03/10/2022 16:35:15 მსოფლიო
ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის ელჩები დაიბარეს მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინის რეგიონების ანექსიის შესახებ განაცხადა, –ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ CNN–ის ეთერში აღნიშნა.
„რუსეთის ნაბიჯის საპასუხოდ, რომელიც კიდევ უფრო ამწვავებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ ე.წ. რეფერენდუმებით და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიით, ევროკავშირმა კოორდინირებული წესით გამოიძახა რუსეთის ელჩები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ევროკავშირის ინსტიტუტებში“, - განაცხადა პიტერ სტანომ.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს „მოსკოვის ქმედებების დაგმობას“ და მოითხოვს „დაუყოვნებლივ შეწყდეს ნაბიჯები, რომლებიც ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არღვევს გაერო–ს წესდებასა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს".
როგორც მან აღნიშნა, რუსი დიპლომატების დაბარების პროცესი პარასკევიდან დაიწყო და ევროკავშირში რუსეთის ელჩი ბრიუსელში დღეს გამოიძახეს.


