რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ უკრაინის რეგიონების ანექსიის თაობაზე დოკუმენტის რატიფიციება მოახდინა
03/10/2022 11:41:14 მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ რატიფიციება მოახდინა უკრაინის რეგიონების დონეცკის და ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსიის თაობაზე ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის.
ვლადიმირ პუტინმა ანექსიის დოკუმენტებს ხელი 30 სექტემბერს მოაწერა.
აღსანიშნავია, რომ კრემლმა ვერ შეძლო, აეხსნა, თუ რა საზღვრებში მოახდინა რუსეთმა უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქების ანექსია. კითხვა ვლადიმირ პუტინის პრესმდივანს დიმიტრი პესკოვს ორშაბათს, 3 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე დაუსვეს. მან ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვი „განაგრძობს კონსულტაციებს რეგიონების მოსახლეობასთან“.
არც პუტინის მიერ ხელმოწერილ „შეთანხმებებში“, არც მის განკარგულებაში და არც „რეფერენდუმის“ კითხვებში არ არის მითითებული, რა საზღვრებშია რეგიონები ანექსირებული.
„რეფერენდუმამდე“ ხერსონის ოლქის რუსულმა „ხელისუფლებამ“ გამოაცხადა მასში უკრაინის მიკოლაივის ოლქის მიერთების შესახებ, რომელიც რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშ იყო.
ხოლო ზაპოროჟიეს რეგიონის უდიდესი ქალაქი – ზაპოროჟიე, ომის დაწყებიდან უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება.
კითხვაზე, „მოსკოვის თვალსაზრისით, არის თუ არა ხერსონისა და ზაპოროჟიის რეგიონების კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები რუსეთის ტერიტორია“, პესკოვმა უპასუხა: „ახლა მეტი არაფერი მაქვს დასამატებელი“.
მისი თქმით, საზღვრებთან დაკავშირებით არის ცალსახა პასუხი: „ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმ ადამიანებთან, ვინც ამ ადგილებში ცხოვრობს“.
კრემლი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს ადმინისტრაციულ საზღვრებში მიიჩნევს მიერთებულად. ამავდროულად, დონეცკის ოლქის მნიშვნელოვანი ნაწილი კიევის კონტროლის ქვეშ დარჩა და უკრაინის არმია იქ წარმატებულ კონტრშეტევას ატარებს – შაბათს დონეცკის ოლქის ლიმანის დასახლების დეოკუპაციის შესახებ გახდა ცნობილი, ხოლო დღეს ხერსონის ორი დასახლებული პუნქტის.
კიევმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არ ცნობს „რეფერენდუმებსა“ და ანექსიის მცდელობას და გააგრძელებს საკუთარი ტერიტორიებიდან ოკუპანტების განდევნას. 3 ოქტომბრის მდგომარეობით, „რეფერენდუმი“რუსეთის გარდა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია.


