
ანკარაში დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდება
16/10/2019 09:58:36 სხვა, მსოფლიო
ანკარაში დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ობრაიენს შეხვდება.
თურქეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა სირიის საკითხი იქნება.
დღესვე ანკარას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევიან. როგორც აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, ვაშინგტონის ოფიციალური დელეგაცია თურქეთის პრეზიდენტთან გამართავს მოლაპარაკებას სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციის შესაჩერებლად.
„ჩვენ ვითხოვთ ცეცხლის შეწყვეტას... თუ თურქეთი სამხედრო ოპერაციას არ შეწყვეტს, იმაზე უფრო მკაცრ სანქციებს დავაწესებთ, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“, – განაცხადა ტრამპმა.
გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას მიზნის მიღწევამდე არ აპირებს და სანქციების არ ეშინია.
ცნობისთვის: 9 ოქტომბერს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყო ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც ანკარის განცხადებით, მიმართულია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სირიელი ქურთები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდნენ. თუმცა თურქეთის მთავრობა, სირიელ ქურთებს მიიჩნევს მის მიერ ტერორისტულად გამოცხადებული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად. თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-მა სირიიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანა დაიწყო. აღნიშნულის გამო ოპონენტებმა ტრამპი ამერიკელების მოკავშირე ქურთების ღალატში დაადანაშაულეს.
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში სამხედრო ოპერაცია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.
14 ოქტომბერს გამართულ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თურქეთისთვის იარაღის მიყიდვა შეზღუდეს. 15 ოქტომბერს კი აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა.