"უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში კონტრშეტევას ძალიან კარგად გაართვეს თავი, ხერსონის ოლქში პროგრესია"
03/10/2022 07:49:21 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინა ხერსონის რეგიონში პროგრესს აღწევს. როგორც მან აღნიშნა, უკრაინა კონტრშეტევებს განაგრძობს, რამაც ბრძოლის ველზე დინამიკა შეცვალა.
ოსტინის თქმით, უკრაინას წარმატებაში ეხმარება აშშ-ს მიერ მიწოდებული იარაღი, რომელსაც უკრაინელი სამხედროები ბრძოლის ველზე სწორად იყენებენ.
"რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ ეს ბრძოლის ველზე ერთგვარი დინამიკის ცვლილებაა. უკრაინის ჯარებმა ხარკოვის ოლქში კონტრშეტევას ძალიან კარგად გაართვეს თავი. ბრძოლა ხერსონის ოლქში შედარებით რთულად მიმდინარეობს, თუმცა აქაც შეიმჩნევა მნიშვნელოვანი პროგრესი. უკრაინის სამხედროები აშშ-ის მიერ მიწოდებულ სამხედრო აღჭურვილობას იყენებენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკრაინელები მას სწორად იყენებენ, როცა თავს რუსეთის სტრატეგიულ და ლოჯისტიკურ ობიექტებს ესხმიან", - განაცხადა ოსტინმა.
მისი თქმით, რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება უკრაინაში, მაგრამ აშშ „გააგრძელებს უკრაინელების დახმარებას მანამ, სანამ საჭირო იქნება“.


