ზელენსკი: "როდესაც უკრაინის დროშა ბრუნდება ტერიტორიაზე, არავის ახსოვს ანექსიების ფარსი"
03/10/2022 05:52:00 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის დამცველებს გაცილებით დიდი წარმატება აქვთ, ვიდრე მხოლოდ ქალაქ ლიმანის გათავისუფლებაა.
ზელენსკის თქმით, მედიაში განსაკუთრებული ინტერესი ლიმანის გათავისუფლებამ გამოიწვია, თუმცა თავდაცვის ძალების წარმატებები მხოლოდ ლიმანით არ შემოიფარგლება.
როგორც მან აღნიშნა, სამხედროებისგან ყოველდღე, სულ მცირე ორჯერ იღებს ანგარიშებს და კვირის განმავლობაში ამ ანგარიშების უდიდესი ნაწილი ეთმობოდა მტრისგან გათავისუფლებული დასახლებული პუქტების ჩამონათვალს.
"ახლახან ვიღაცამ სადღაც ჩაატარა ფსევდორეფერენდუმები, მაგრამ, როდესაც იქ უკრაინის დროშა ბრუნდება, რუსეთის ფარსი რაღაც ქაღალდებით და რაღაც ანექსიებით, აღარავის ახსენდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების პრორუსულმა, დე ფაქტო ადმინისტრაციებმა 23-27 სექტემბერს ჩაატარეს ე.წ. რეფერენდუმები რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად. 30 სექტემბერს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი რეგიონი ანექსირებულად გამოაცხადა. მეორე დღეს, 1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის არმიამ გაათავისუფლა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი.


