უკრაინის სამხრეთის სარდლობა: "გავანადგურეთ მტრის ვერტმფრენი და ტანკები, ლიკვიდირებულია 40 ოკუპანტი"
03/10/2022 05:30:39 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ქვეყნის სამხრეთით მტრის Ka-52 ტიპის ვერტმფრენი, 40 ოკუპანტი და 2 ტანკი გაანადგურეს, - იუწყება ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“.
მისი ცნობით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა ერთ დღეში 340-ზე მეტი საცეცხლე ამოცანა შეასრულეს.
„ჩვენმა ავიაციამ მტერს 7 დარტყმა მიაყენა, ბერისლავის რაიონში საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის Ka-52 ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს. სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა 340-ზე მეტი საცეცხლე ამოცანა შეასრულეს. განადგურდა 40 რაშისტი, 2 ტანკი, 7 ერთეული საავტომობილო და ჯავშანტექნიკა“, -აცხადებს სარდლობა.
უკრაინის თავდაცვის ძალები ქვეყნის სამხრეთის გარდა, შეტევას განაგრძობენ აღმოსავლეთშიც. 1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი, სადაც რუსული ქვედანაყოფების პოზიციებს რამდენიმე კვირის განმავლობაში უტევდნენ.
ერთი დღით ადრე, 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვალდიმირ პუტინმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები. ამას წინ უძღოდა რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად უკრაინის ამ რეგიონების პრორუსული, დე ფაქტო ადმინისტრაციების მიერ 23-27 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმები.


