რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ხელმძღვანელი გაიტაცეს –კოტინი

01-10-2022 17:21:22 ევროპა

უკრაინის „ენერგოატომის“ გენერალური დირექტორი პეტრო კოტინი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს და დაკავებული ჰყავთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელი იჰორ მურაშოვი. ელექტროსადგური მარტის მერე რუსეთის არმიის ხელშია, მაგრამ მას უკრაინული პერსონალი მართავს.

„ენერგოატომის“ განცხადებით, 30 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, მურაშოვი, რომელიც სადგურიდან ენერგოდარში, ავტომობილით მგზავრობდა, გააჩერა რუსეთის სამხედრო პატრულმა, მას თვალები აუხვიეს და ძალით წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით.

არ არის ცნობილი მისი ადგილსამყოფელი.

განცხადებაში წერია, რომ მურაშოვი, როგორც სადგურის ხელმძღვანელი, პასუხისმგებელია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისთვის. მისი დაკავება საფრთხეს უქმის ევროპის უდიდესი ბირთვული სადგურის უსაფრთხოებას.

„ენერგოატომის“ დირექტორი მიმართავს გაეროს ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს რაფაელ გროსის, ყველა ზომას მიმართოს მურაშოვის გასათავისუფლებლად.

რუსეთის მხარეს სავარაუდო გატაცების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის ტერიტორიას პერიოდულად ცეცხლს უშენენ. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

უკრაინას და დასავლეთს სურთ არეალის დემილიტარიზაცია, ანუ რუსეთის ჯარისგან მისი გათავისუფლება, რის შესახებ ბირთვულმა სააგენტომაც მიიღო რეზოლუცია, მაგრამ რუსეთმა ის უარყო.

ერთი თვის წინ სადგური მოინახულა სააგენტოს დელეგაციამ, რომლის ორი წევრი ხანგრძლივად დარჩა იქ ვითარების სამეთვალყურეოდ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები