პუტინმა უკრაინის ოთხი რეგიონის რუსეთთან მიერთებას მოაწერა ხელი
30/09/2022 13:13:05 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებებს“ ხელი მოაწერეს.
პუტინთან ერთად, ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდნენ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი დენის პუშილინი, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ლეონიდ პასეჩნიკი, ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის დე ფაქტო ლიდერი ევგენი ბალიცკი, ოკუპირებული ხერსონის ოლქის დე ფაქტო ლიდერი ვლადიმირ სალდო.
მანამდე, რუსეთმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმები ჩაატარა. უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები „რეფერენდუმებს“ და მის შედეგებს არ აღიარებენ.


