"ქვეყანაში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ხარისხი გაუარესდა, ასევე შეინიშნება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ტენდენცია"

30-09-2022 12:58:34 საზოგადოება

"ქვეყანაში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ხარისხი გაუარესდა", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ომბუდსმენის თქმით, ბოლო წლებში შეინიშნება გამოხატვის თავისუფლების კიდევ უფრო შეზღუდვის ტენდენცია, შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევები და სხვა.

"შემაშფოთებელია ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რომელშიც ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებსა თუ უფლებადამცველებს უწევთ საქმიანობა. სამწუხაროდ, გაიზარდა კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის შემთხვევები. ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტებისადმი ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება, სახელმწიფო უწყებების ღონისძიებზე მათი დაუშვებლობა და დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები. გამოხატვის თავისუფლების დაცვა პირდაპირ კავშირშია შეკრების უფლების შეუფერხებელ რეალიზაციასთან ამ მხრივ მთავარ პრობლემას წარმოადგენს, რომ შეკრების დროს კვლავ გამოიყენება დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელი, 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. სამართალდამცველები შეკრების მართვის და დაშლის შემთხვევაში არაპროპორციულ ძალას იყენებდნენ და დაკავების შემთხვევები ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები