რას ფიქრობენ რუსები პუტინის ომზე მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ – გამოკითხვა
30/09/2022 07:13:26 მსოფლიო
რუსების უმრავლესობას ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის გამო აქვს შიშის, განგაშის და საშინელების განცდა,– ამგვარია „ლევადა ცენტრის“ ბოლო გამოკითხვის შედეგები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1631 ადამიანმა რუსეთის 50 რეგიონიდან.
განგაშის, შიშისა და საშინელების გრძნობა, სოციოლოგების დასკვნით, გამოკითხვაში მონაწილე რუსების 47%-ს აქვს. ამავდროულად, „შოკსა“ და „სიამაყეს რუსეთით“ ქვეყანაში მობილიზაციის შემოღების შესახებ ამბების შემდეგ განიცდის რესპონდენტთა თანაბარ რაოდენობა -23%–23%. მობილიზაციის გამო ბრაზს და აღშფოთებას გამოხატავს „ლევადა ცენტრის“ მიერ გამოკითხული რუსეთის მოქალაქეების მხოლოდ 13%.
გამოკითხულთა 2/3 (66%) შიშობს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო, რუსეთში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდება. თებერვალში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში, ასეთი შიში გამოთქვა რესპონდენტთა 28%–მა.
სექტემბერში, როგორც სოციოლოგები აღნიშნავენ, შემცირდა მათი წილი, ვინც მიიჩნევს, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ წარმატებით მიმდინარეობს. თუ მაისში ასეთი ადამიანების რაოდენობა 73% იყო, სექტემბერში - 53%–ია. გამოკითხულთა მესამედი (31%) მიიჩნევს, რომ „სპეცოპერაცია“ (როგორც რუსეთში უწოდებენ უკრაინაში გაჩაღებულ ომს) არ არის წარმატებული. „სპეცოპერაციის“ წარუმატებლობის მიზეზებს შორის რესპონდენტებმა აღნიშნეს კონფლიქტის გაჭიანურება (27%), მობილიზაცია (23%) და რუსული არმიის უკანდახევა (22%).
ამავდროულად, რუსების მიერ უკრაინაში რუსული არმიის მოქმედებების მხარდაჭერის დონე ოდნავ შემცირდა: აგვისტოს 76%-დან სექტემბერში 72%-მდე. მათი წილი, ვინც არ უჭერს მხარს უკრაინის ომს, გაიზარდა, თუმცა ოდნავ – აგვისტოში 17%-დან სექტემბერში 21%-მდე.
უკრაინაში რუსული არმიის მოქმედებების მხარდაჭერის ყველაზე მაღალი დონე კვლავ შეინიშნება 55 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში - 81%, ხოლო ყველაზე დაბალი - 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდებში.
გამოკითხულთა 48% უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მომხრეა. გამოკითხვაში მონაწილეთა 44% კი მიიჩნევს, რომ ომი უნდა გაგრძელდეს. ყველაზე ნაკლებად, 18-24 წლის რუს ახალგაზრდებს (26%) სურთ უკრაინაში საომარი მოქმედებების გაგრძელება, ხოლო 55 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები (52%) ომის გაგრძელების მომხრეები არიან.
21 სექტემბერს რუსეთში „ნაწილობრივი“ მობილიზაცია გამოცხადდა. მას შემდეგ ქვეყნის დატოვებას ათასობით მოქალაქე ცდილობს. მათ შორის, საქართვლოს საზღვართანაც დგას მრავალკილომეტრიანი რიგები.


