
უკრაინის გენშტაბი ფრონტზე არსებულ ოპერატიულ ვითარებაზე ინფორმაციას აქვეყნებს
30/09/2022 06:45:40 ევროპა
უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები ზაიცევოს, მაიორსკის, ვესელა დოლინას, ბახმუტსკოეს, ოდრადოვკას, კურდიუმოვკას, ნიუ-იორკის, პერვომაისკოეს და ბეზიმიანნოეს დასახლებებთან,– ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშში.
გენშტაბისვე ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ დღის განმავლობაში 29 დარტყმა განახორციელა რუსეთის ჯარების პოზიციებზე: „დადასტურებულია ექვსი დასაყრდენი პუნქტის განადგურება, ასევე, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 12 ზონის და სამი საზენიტო-სარაკეტო სისტემის“.
გენერალურმა შტაბმა დასძინა, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა სარაკეტო ძალებმა და არტილერიამ დაარტყეს რუსეთის ხუთ სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 15 ადგილს, საბრძოლო მასალისა და საწვავი-საპოხი მასალების ექვსი საწყობს, ერთ საზენიტო სარაკეტო სისტემას და სხვა მნიშვნელოვან სამიზნეებს.
იმავდროულად, რუსული ჯარები აგრძელებენ უკრაინაში სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას. შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა განახორციელეს ხუთი სარაკეტო და 11 საჰაერო დარტყმა, 100-ზე მეტი დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. რუსეთის თავდასხმების შედეგად 50-მდე დასახლება დაზარალდა. მათ შორისაა სლავიანსკი, კრამატორსკი, ბახმუტი, დნეპერი, კრივოი როგი, ნიკოლაევი, ნიკოპოლი, ვოზნესენსკი, პავლოვკა, ვისოკოპოლე, ბელოგორკა და მირნოე.
რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა უკრაინაში 24 თებერვლის დილიდან გრძელდება. იმობმება ქალაქები. 25 სექტემბრის მდგომარეობით, გაერომ შეძლო, დაედასტურებინა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ან დაშავების 14,844 შემთხვევა: 5,996 დაიღუპა და 8,848 დაშავდა. გაეროს მიაჩნია, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია.