
„დაღესტნელები, ჩეჩნები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები არ უნდა იხოცებოდნენ რუსეთის საზიზღარ და სამარცხვინო ომში"
30/09/2022 06:00:13 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს, ციმბირის მოსახლეობას და რუსეთში მცხოვრებ სხვა ხალხებს მიმართა.
„დაღესტნელები არ უნდა იხოცებოდნენ რუსეთის საზიზღარ და სამარცხვინო ომში - ჩეჩნები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები და ნებისმიერი სხვა ხალხი, რომელიც რუსეთის დროშის ქვეშ აღმოჩნდა. ორასამდე ხალხის წარმომადგენლები. თქვენ იცით ყველამ, ვინ გიშვებთ უკრაინაში. ვინც გიშვებთ, სურს, რომ თქვენ გაქციოთ „ტვირთ #200"-ად [პირობითი კოდირებული დასახელება, რომელიც გამოიყენება დაღუპულთა ცხედრების გადატანისას]. და რა გსურთ თქვენ? მე დარწმუნებული ვარ, რომ გინდათ სიცოცხლე. დარწმუნებული ვარ, რომ ტყუილისგან დაიღალეთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იცით: ბრძოლა ახლა არის საჭირო! ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ წინააღმდეგობას უწევთ დანაშაულებრივ მობილიზაციას, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას სურს დაფაროს თავისი რეგულარული არმიის მარცხი და საკუთარი დანაშაულებრივი ბრძანებები. იბრძოლეთ, რათა არ დაიღუპოთ", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მოქალაქეებს ქუჩებსა და მოედნებზე საკუთარი თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდა, „იმისთვის, რომ შემდეგ საჭირო არ გახდეს ბრძოლის გამართვა მთებსა და ტყეებში, უბრალოდ საკუთარი სიცოცხლის უფლებისთვის, როდესაც რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის მორიგ ტალღას დაიწყებს".
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს მობილიზაცია გამოაცხადა. 25 და 26 სექტემბერს დაღესტანში საპროტესტო აქციები გაიმართა მობილიზაციის წინააღმდეგ. აქციაზე ათეულობით ადამიანი დააკავეს, მათ შორის, მოზარდები.