ბაიდენი: "აშშ არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიაზე"
30/09/2022 05:52:20 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის ოთხ რეგიონში ჩატარებულ ე.წ რეფერენდუმებს ცრუ უწოდა და განაცხადა, რომ აშშ არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიაზე.
წყნარი ოკეანის კუნძულების ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს ამზადებს უკრაინის ტერიტორიების მოსალოდნელ ანექსიაზე საპასუხოდ.
"მინდა, ამ საკითხისადმი აშშ-ის დამოკიდებულება ძალიან მკაფიოდ გამოვხატო: შეერთებული შტატები არასოდეს, არასოდეს, არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე. ეს ე.წ. რეფერენდუმი იყო ცრუ, აბსოლუტური ცრუ! შედეგები მომზადდა მოსკოვში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მისი თქმით, პუტინის იმპერიალისტური ამბიციები ეწინააღმდეგება და უხეშად არღვევს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ გაეროს ძირითად პრინციპს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ "არც ახლა და არც არასდროს აღიარებს ამ ყალბი რეფერენდუმების ლეგიტიმურობას თუ შედეგებს", ხოლო გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში ამბობს, რომ ანექსირება იქნება "სახიფათო ესკალაცია", რომელიც ძირს გამოუთხრის სამშვიდობო პერსპექტივას.
მანამდე კრემლმა გამოაცხადა, რომ გამართავს დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას "რუსეთში ახალი ტერიტორიების გაწევრიანების" საკითხზე. ცერემონია 30 სექტემბერს კრემლში გაიმართება.


