მოსკოვში სამობილიზაციო უწყისები 20-დან 35 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცზე გაიცემა
29/09/2022 12:34:30 მსოფლიო
რუსეთის დედაქალაქში სამობილიზაციო უწყისები 35 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცზე გაიცემა, მათი ცათვლით, ვისაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების შესახებ დოკუმენტები გააჩნია, - იუწყება "ფორბსი" მოსკოვის მრავალფუნქციურ ცენტრებზე დაყრდნობით.
"ჩვენთან საბუთების ასაღებად მოსულ ყველა მამაკაცს, რომელიც 20-დან 34 წლის ჩათვლით ასაკობრივ კატეგორიას განეკუთვნება, პასპორტთან ერთად ვაძლევთ სამობილიზაციო უწყისს - სახელისუფლებო ორგანოებისგან შესაბამისი დავალება გვაქვს მიღებული. გამონაკლისს არც სტუდენტები და ის მოქალაქეები წარმოადგენენ, რომელთაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების შესახებ ცნობები გააჩნიათ. ამ კატეგორიის კლიენტებს უბრალოდ ვეუბნებით, რომ მიაკითხონ კომისარიატებს და დეტალები იქ გაარკვიონ" - განუცხადეს გამოცემას მოსკოვის ერთ-ერთ მრავალფუნქციურ ცენტრში.
მისივე ინფორმაციით, ბოლო დღეებში ანალოგიური ხდება მილიციის განყოფილებებში, სადაც უწყისებს ხსენებული ასაკობრივი ჯგუფის ყველა მამაკაცზე გასცემენ, როგორც დაკავებულების, ისე დაზარალებულებისა და მოწმეების ჩათვლით. ამასთანავე, მოსკოვის ხელისუფლებამ აამოქმედა სახეების ამოცნობის სისტემა იმ მოქალაქეთა გამოსავლენად, რომლებიც სამხედრო მობილიზაციისთვის თავის არიდებას ცდილობენ. უკვე ცნობილია ამ სისტემით დაფიქსირებული 4 მოქალაქის დაკავების შესახებ, მათგან ერთი, როგორც შემდგომში გაირკვა, მობილიზაციას თავს არ არიდებდა, უკვე გამოცხადებული იყო კომისარიატში, თუმცა იქ გადაწყდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იგი ომში არ გაეშვათ.
პარალელურად 25 სექტემბრიდან კომისარიატებმა ქვეყნიდან არგაშვების შესახებ ბრძანებების გაცემა დაიწყეს რუსეთის აეროპორტებში. სამობილიზაციო ასაკის მამაკაცებს აკავებენ რუსეთის სახმელეთო საზღვრებზეც.
21 სექტემბერს პრეზიდენტ პუტინის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი, ოფიციალური ინფორმაციით, უკვე 250 ათასზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. ისინი გაწვევას გაურბიან საქართველოში, ყაზახეთში, ფინეთში, მონღოლეთსა და ნიდერლანდებში გაქცევით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა და პენტაგონმა უკრაინაში რუსეთიდან მობილიზებულთა მოხვედრის პირველი შემთხვევები უკვე დააფიქსირეს.


