რუსეთის მოქალაქეები სანოტარო ბიუროებს ანდერძების გასაფორმებლად მასობრივად მიაწყდნენ
29/09/2022 12:19:41 მსოფლიო
რუსეთში სამხედრო მობილიზაციის დაწყების მომენტიდან ქვეყნის მოქალაქეები მასობრივად წერენ ანდერძებს, ასევე ან აფორმებენ ქონებას ახლობლებსა და მეგობრებზე. სანოტარო ბიუროებში არნახული რიგების გამო ფედერალურმა სანოტარო პალატამ მობილიზებული მოქალაქეებისთვის საშეღავათო ფასების დაწესება გადაწყვიტა.
"ბოლო სამი დღეა, ჩვენთან კოშმარული რიგია. მოსკოვის სანოტარო ბიუროებში უახლოესი რიცხვებისთვის წინასწარი ჩაწერა დასრულებულია. ახალი კლიენტების ჩაწერას მხოლოდ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან შევძლებთ. როგორც ვიცი, უამრავი ჩემი კოლეგა რუსეთის რეგიონებში უქმე დღეებშიც აპირებს მუშაობას, რადგან მობილიზებულ მოქალაქეებს სასწრაფოდ სჭირდებათ მომსახურება: უმრავლესობა აფორმებს ანდერძებს, ბევრი - მინდობილობას და სხვა საბუთებს. უკვე გვაქვს შემოღებული რიგი შეღავათები. კერძოდ, მობილიზებულები გათავისუფლებული გვყავს სამართლებრივი და ტექნიკური ხასიათის გადახდებისგან" - განუცხადეს the moswoc times-ს მოსკოვის ერთ-ერთ სანოტარო ბიუროში.
გარდა ამისა, სანოტარო ბიუროებთან დიდი რიგი დგას მოქალაქეებისა, რომლებსაც ომი არ სურთ და ქვეყნიდან გასვლას ლამობენ, - იუწყება გამოცემა. "მოქალაქეთა ამ კატეგორიას შეუძლია, მინდობილობა გააფორმოს არასამობილიზაციო ასაკის ოჯახის წევრზე ან ახლობელზე სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში, მათ შორის სასამართლოებში მათი ინტერესების წარმოდგენისთვის" - განმარტავენ ორგანიზაციაში "სანქტ-პეტერბურგელ ჯარისკაცთა დედები".
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით 21 სექტემბერს რუსეთში სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შემდეგ ქვეყნიდან მოქალაქეთა მასობრივი გასვლა დაიწყო, მათ შორის საქართველოს, ყაზახეთის, ფინეთის, მონღოლეთისა და ნორვეგიის მიმართულებით. მობილიზაციის გამოცხადებიდან გასული კვირის განმავლობაში რუსეთი, ოფიციალური ინფორმაციით, უკვე 250 ათასამდე მოქალაქემ დატოვა.


