თურქეთი რუსეთთან ანგარიშსწორებისთვის დასავლურ სანქციებზე არადამოკიდებულ გზებს ეძებს
29/09/2022 12:14:20 მსოფლიო
მას შემდეგ, რაც აშშ-მა თურქული ბანკებისგან რუსულ საგადახდო სისტემა "Мир" -თან მუშაობაზე უარის თქმას მიაღწია, თურქეთი ეძებს გზებს, რუსეთთან ანგარიშსწორების გასაგრძელებლად და ამ მიზნით "Мир"-თან სამუშაოდ ცალკე ბანკის შექმნას ანდაც ტუროპერატორების დონეზე საკუთარი საგადახდო სისტემის ჩამოყალიბებას განიხილავს.
მექანიზმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული, - იუწყება «Известия» რუსეთ-თირქეთის საქმიანი საბჭოს დირექტორ ალექსეი ეგარმინზე დაყრდნობით.
ცნობისთვის: ორიოდ დღის წინ თურქეთის ყველა ბანკმა აშშ-ის მეორადი საქნციების საფრთხის გამო რუსულ საგადახდო სისტემა "Мир" -თან თანამშრომლობა შეწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მას სისტემა "Мир"- თან თურქული ბანკების თანამშრომლობის გაფართოებას დაჰპირდა.
"თურქეთმა შესაძლოა, შექმნას ბანკი რუსეთთან ანგარიშსწორებისათვის, რომელიც არ იქნება დამოკიდებული აშშ-ისა და ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკაზე. გარდა ამისა, განიხილება სპეციალური სისტემის ჩამოყალიბება ბლოკჩეინებში ანგარიშსწორებისათვის ანდა დახურული კლირინგით, ერთგვარი ცალკე მდგომი საგადახდო ცენტრის შექმნა" - განმარტავს ეგარმინი.
თავის მხრივ ტურისტული ორგანიზაციები ცდილობენ, შეიმუშავონ "Мир"- ის ალტერნატიული "საბილეთე ბარათი", - იუწყება თურქული გამოცემა "Sabah". "რუსი ტურისტები ტუროპერატორებთან პაკეტების შესყიდვისას "საბილეთე ბარათით" გადაიხდიან. მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება ასევე რესტორნებში, სავაჭრო და გასართობ დაწესებულებებში" - აღნიშნავს გამოცემა.
ცნობისთვის, რუსულ საგადახდო სისტემა "Мир"- თან თანამშრომლობაზე ასევე უარი განაცხადეს: ყაზახეთმა, ვიეტნამმა, უზბეკეთემა და ტაჯიკეთმაც კი.
ხსენებული რუსული სისტემა 2015 წელს ამოქმედდა და სადღეისოდ 134 მილიონ ბარათს ემსახურება. რუსეთიდან Visa-ს და MasterCard-ის სისტემების გასვლის შემდეგ "Мир"-ი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ერთადერთი შესაძლებლობაა უცხოეთში ანგარიშსწორებისათვის.


