ბრიტანული დაზვერვა: "მობილიზაციას გაქცეულებში უზრუნველყოფილი და განათლებული ხალხი სჭარბობს"
29/09/2022 08:14:53 მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, რუსეთიდან მობილიზაციას გაქცეულებში უზრუნველყოფილი და განათლებული ხალხი სჭარბობს.
"პრეზიდენტ პუტინის მიერ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებიდან შვიდ დღეში მოხდა გაწვევის თავიდან აცილების მსურველთა მნიშვნელოვანი გადინება. მათ შორის, ვინც რუსეთის დატოვებას ცდილობს, სჭარბობენ უზრუნველყოფილი და კარგად განათლებული ადამიანები", – აცხადებენ უწყებაში.
ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, „ტვინების გადინების“ დაჩქარებასა და მობილიზაციას რუსეთის შიდა ეკონომიკურ სიტუაციაზე სულ უფრო მზარდი გავლენა ექნება.
21 სექტემბრიდან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ რუსეთის დატოვებას ათეულობით ათასი მოქალაქე ცდილობს, მათ შორის – სახმელეთო გზით რუსეთთან მოსაზღვრე ფინეთში, საქართველოში, ყაზახეთსა და მონღოლეთში ჩასვლას.


