პენტაგონმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების $1,1–მილიარდიანი პაკეტი დაამტკიცა
28/09/2022 19:40:40 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი – 1,1 მილიარდიანი პაკეტი დაამტკიცა, რომელიც, სხვა შეიარაღებასთან ერთად, HIMARS-ის მაღალი მობილობის 18 ერთეულ საარტილერიო სარაკეტო სისტემასა და შესაბამის საბრძოლო მასალას მოიცავს.
უკრაინას ასევე მიეწოდება მაღალი მობილობის 150 ერთეული მრავალმიზნობრივი ბორბლიანი ჯავშანმანქანა (HMMWV), 150 ერთეული ტაქტიკური მანქანა შეიარაღების ბუქსირებისთვის, 40 სატვირთო მანქანა და 80 მისაბმელი მძიმე ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის, ორი რადარი უპილოტო საფრენი აპარატებისთვის, 20 მრავალმიზნობრივი რადარი, დრონების საწინააღმდეგო საჰაერო სისტემები, კავშირგაბმულობის ტაქტიკური დაცული სისტემები, დაკვირვების სისტემები და ოპტიკა, ფეთქებადსაშიში ნივთების გაუვნებელყოფის აღჭურვილობა, ჯავშანჟილეტები და სხვა საველე ამუნიცია.
გარდა ამისა, ამერიკული მხარე დააფინანსებს წვრთნებს, მომსახურებასა და მხარაჭერას.
პენტაგონმა დახმარების ახალ პაკეტს უწოდა "მრავალწლიანი ინვესტიცია კრიტიკულ შესაძლებლობებში უკრაინის შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი სიმტკიცის ჩამოსაყალიბებლად".
2022 წლის იანვრიდან კიევისთვის გაწეული დახმარების ჯამური მოცულობა 16,2 მილიარდი დოლარია. 16 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინისთვის 600 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების შესახებ. პაკეტი მოიცავდა დამატებით ჭურვებს HIMARS-ისთვის, 36000 ერთეულ საბრძოლო მასალას 105– მილიმეტრიანი საარტილერიო იარაღისთვის, 1000 ერთეულ 155–მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვსა და ოთხ საარტილერიო რადარს.


