რუსებს საქართველოსკენ გზა ჩაუკეტეს
28/09/2022 14:01:17 მსოფლიო
საქართველოს მოსაზღვრე ჩრდილოეთ ოსეთის (რუსეთი) ხელისუფლებამ "მომეტებული მზადყოფნის რეჟიმის ფარგლებში" რუსეთის სხვა რეგიონებიდან რესპუბლიკაში მოქალაქეთა შესვლა აკრძალა. შესაბამის ბრძანებას რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ მოაწერა ხელი.
"მომეტებული მზადყოფნის რეჟიმი - ეს დროებითი იძულებითი ღონისძიებაა: სიტუაციას თვითდინებაზე ვერ მივუშვებთ. გამშვებ პუნქტზე უამრავი სატრანზიტო ტრანსპორტი და მრავალკილომეტრიანი რიგებია. მარტო ბოლო ორი დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ჩვენი გავლით რუსეთის 20 ათასზე მეტი მოქალაქე შევიდა" - განმარტა მენიაილომ.
მისივე თქმით, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე უკვე ორგანიზებულია ოპერატიული ჯგუფები, რომლებიც სამობილიზაციო სიების მიხედვით მოქალაქეებს გაწვევის უწყისებს ურიგებენ.
ბრძანების თანახმად, გადაადგილების შეზღუდვა არ ეხება საქართველოსა და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის, ასევე ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებსა და მათ, ვინც რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ დასასვენებელ სახლებში, პანსიონატებში, ტურბაზებში მიემგზავრება და ამის დამადასტურებელი დოკუმენტები გააჩნია.
ცნობისთვის: 21 სექტემბრის შემდეგ, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან საომრად სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთ-საქართველოს საზღვარს მასობრივად მოაწყდნენ მოქალაქეები, რომელთაც მობილიზაციისთვის თავის არიდება სურთ. ამ დროისთვის საზღვართან რუსულ მხარეს თითქმის 20 კმ-იანი საავტომობილო რიგია.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის მიზეზებს ამ ეტაპზე ვერ ხედავს. ეს - მიუხედავად იმისა, რომ მარტო 21-26 სექტემბრის პერიოდში ქვეყანაში რუსეთის 53 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა. რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოსთან საზღვართან ჯავშანტრანსპორტიორი ჩააყენა - "იმ შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტები საზღვრის გარღვევასა და რუსეთის ძალით დატოვებას შეეცდებიან". საზღვარზე რუსულ მხარეს მოეწყო სამობილიზაციო პუნქტიც და რუსეთის მოქალაქეებზე უკვე გაიცემა კომისარიატების უწყისები.


