მერკელი მიიჩნევს, რომ პუტინის ბირთვულ მუქარას სერიოზულად უნდა მივუდგეთ
28/09/2022 12:23:03 მსოფლიო
გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მუქარა სერიოზულად უნდა იქნას მიღებული:
„მიიღო განცხადება სერიოზულად, არ დააიგნორო ფიქრით, რომ ეს ბლეფია – ეს არავითარ შემთხვევაში სისუსტის ნიშანი არაა, ეს პოლიტიკური სიბრძნის მანიშნებელია“ – აცხადებს ანგელა მერკელი.
როგორც „მედუზა“ წერს, აღნიშნული კომენტარი გერმანელმა პოლიტიკოსმა პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებულ მუქარაზე გააკეთა.
21 სექტემბერს, როდესაც ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, დასავლეთი აგრესიულ პოლიტიკასა და „ბირთვულ შანტაჟში“ დაადანაშაულა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, „ამოვარდნილმა ქარმა შესაძლოა მიმართულება შეიცვალოს“ და თქვა, რომ რუსეთი „ყველაფერს გააკეთებს“ საკუთარი მოსახლეობის დასაცავად და ეს „ბლეფი არაა“.


